ახალი ამბები

ანაფილაქსური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას – ზურაბ გურული

18 მარტი, 2021 •
ანაფილაქსური შოკის განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას – ზურაბ გურული
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ანაფილაქსური შოკთან დაკავშირებით განმარტებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ანაფილაქსური შოკი აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის იშვიათი გვერდითი ეფექტია და მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.

აღნიშნული პოსტით გურული ახალციხეში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, რომლის დროსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ.

“1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.
3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას, მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.
4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.
5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.
7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს”, — წერს ზურაბ გურული.


ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი