პოლიტიკოს გოგი წულაიას, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ნეტგაზეთს წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა უთხრა რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წულაია ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი გვეუბნება რომ სასამართლოზე ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თვის“ მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. წულაია ძალადობის ბრალდებით პოლიციამ თბილისში დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში – ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
“დალურჯებული მაქვს ხელი, წელი, ყველაფერი” – ქალი გოგი წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს