ახალი ამბები

ექსპერტთა ჯგუფი ვაქცინაციის პროცესის დროებით, შესაძლო შეჩერებაზე იმსჯელებს

18 მარტი, 2021 • 1263
ექსპერტთა ჯგუფი ვაქცინაციის პროცესის დროებით, შესაძლო შეჩერებაზე იმსჯელებს

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართება, რომელიც ვაქცინაციის პროცესის შესაძლო შეჩერებაზე იმსჯელებს.

“დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე. სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია — ამ შემთხვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე — ვიდრე არ მოხდება შესწავლა, ექპსერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრილი 5 მილიონი შემთხვევიდან ანაფილაქსიური რეაქციის მსგავსი 41 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ამის გამო ვაქცინაცია არცერთ ქვეყანას არ შეუჩერებია.

“ჩვენ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, — დასძინა გაბუნიამ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავთ.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი