ახალი ამბები

“მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის” — ღარიბაშვილი

17 მარტი, 2021 • 742
“მე მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის” — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპელი მეგობრების რჩევაა, პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად გააგრძელოს საქართველოს პარლამენტში.

“ეს არის ყველას პოზიცია, არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია”, — თქვა ღარიბაშვილმა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდს შეხვდა.

ღარიბაშვილის თქმით, “ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან” გამოსავალზე დიალოგი გრძელდება ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ევროკომისიის წარმომადგენლებმა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით განაცხადეს.

“ბატონმა ბორელიმ და ვარჰეიმ გაახმოვანეს ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია. ვნახეთ ოდირის ანგარიში, მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებები — ეს გამორცხავს ყოველგვარ კითხვას, რომელიც ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს [არჩევნების ლეგიტიმაციაზე]. არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა კონსტრუქციული, სახელემწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზოციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი