ეროვნულმა ბანკმა რეფინსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.50%-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 17 მარტს, მიიღო. ეროვნული ბანკი თებერვლიდან ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს, რადგან მარტიდან სახელმწიფო აღარ მოახდენს კომუნალური გადასახედების სუბსიდირებას.
“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 124 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება. ორგანიზაციის ცნობით, პირველი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამდენი სესხია გაცემული.
“თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს”, — წერია სებ-ის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ინფლაციის ზრდაზე გავლენას ლარის კურსიც იქონიებს. კურსის გარდა, სებ-ის შეფასებით, ინფლაციის ზრდაზე ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებაც იმოქმედებს, რაც ზოგიერთ პროდუქტს აძვირებს.
“ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა.
კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება”, — აცხადებენ სებ-ში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება.
სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა — შემცირდება საპროცენტო განაკვეთი.