ახალი ამბები

ხათუნა ზახაშვილი მედპერსონალს აცრისკენ მოუწოდებს

16 მარტი, 2021 • 1258
ხათუნა ზახაშვილი მედპერსონალს აცრისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მედპერსონალს მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს სხვა ადამიანებისთვისაც მაგალითი იქნება. ამის შესახებ ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მედპერსონალის აცრის გარეშე ვერ დაიწყება საზოგადოების სხვა ჯგუფების აცრა, რაც ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის დროს შეამცირებს და ეპიდემიის მიმდინარეობას შეამსუბუქებს.

“რა გვინდა ჯანდაცვის სპეციალისტებს?! ჩვენზეა ახლა დამოკიდებული. ამხელა ბენეფიტი მოგვეცა, ალბათ, პირველად, ყველაზე ხელმისაწვდომი გახდა ვაქცინა სწორედ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. ჩვენი დაცვით იწყებს ქვეყანა ამ პროცესს, რომ შეაჩეროს დაავადების გავრცელება ქვეყანაში. დღეს ჩვენ მეტი არაფერი მოგვეთხოვება, რომ ავიცრათ და მივცეთ სხვებს საშუალება, რომ აიცრან. იმიტომ, რომ ასე გაჭირდება იმ პროცესების სწორად მართვა და სწორად წაყვანა ზოგადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის. ყველას გთხოვთ, ახლა ის დროა, როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად და ყველამ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია”, – განაცხადა ზახაშვილმა.

ზახაშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მედპერსონალის დაბალი აქტივობა დროებითია და ამის მიზეზი ვაქცინის შედარებით მოულოდნელი ჩამოტანაა. თუმცა მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მედპერსონალს აცრისკენ და განაცხადა, რომ მათზე კარგად არავის შეუძლია ვაქცინაციის რისკებისა და სარგებლის შეფასება:

“დღეს თქვენი აქტივობა და, ასე ვთქვათ, თქვენი კაცთმოყვარეობა, თქვენი ექიმის ფიცი, თქვენს ადგილზე დგომა, გადის ზუსტად ამ ხაზზე, რომელსაც ჰქვია – ავიცრა, თუ არ ავიცრა. ექიმებზე უკეთ არავის შეუძლია შეაფასოს ვაქცინაციის რისკი და სარგებელი.

თქვენ, ექიმებმა ყველაზე კარგად იცით, რა დევს რისკის მხარეს, როდესაც კოვიდზე გვაქვს ლაპარაკი. თქვენ, ექიმებს უნდა გახსოვდეთ კოვიდისაგან დაღუპული კოლეგები, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, მე მაინც მგონია, რომ ამ დღეებში რაღაცა შეცვლის სამედიცინო საზოგადოების დამოკიდებულებას და მასობრივად აიცრება და არ აღმოჩნდება ის, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება დარჩება აუცრელი, დარჩება გაურკვევლობაში მყოფი საზოგადოება, რომელმაც არ იცის, რას ჰქვია ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას და რა შედეგები მოაქვს ვაქცინას. ვინც არ უნდა იყოს ის, თავისი ვიწრო სპეციალობით”, – განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, გუშინ და დღეს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების მსურველთა აქტივობა დაბალია. ამის შესახებ გამყრელიძემ პრესკონფერენციზე განაცხადა.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში “43 ათასამდე დოზის ადმინისტრირებაა სასურველი”, ამ შედეგის მისაღწევად კი საჭიროა დღეში მინიმუმ 3 ათასი აცრა გაკეთდეს:

“ეს ადამიანები [აცრილი მედპერსონალი] მეორედ უნდა აიცრან 8-12 კვირის განმავლობაში, მათთვის შესაბამისი 80 ათასი დოზა შემოდის აპრილის 20-დან და, შესაბამისად, მათთვისაც და კიდევ სხვა ჯგუფებისთვისაც საკმარისი დოზები იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია გუშინ, 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს ამოქმედდა ონლაინ პორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ.

გამყრელიძის თქმით, ბოლო მონაცემებით პორტალზე, სადაც აცრის გაკეთების მსურველი მედპერსონალი რეგისტრირდება, 4 532 ადამიანის განაცხადია დაფიქსირებული და უკვე აიცრა 1 375 მათგანი. მათ შორის, გუშინ, 15 მარტს 727 ჯანდაცვის მუშაკი აიცრა, დღეს კი ამ დრომდე – 648.

Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60% ანუ 1 691 214 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი