“ევროპული სოციალისტების” წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტს ლევან მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარული სხდომიდან მიმართა, ამავდროულად თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა სწორედ მას მისცა.
“იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებსაც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ამნისტირება გაუკეთა — ხალხს, ვისაც მილიონები ჰქონდა მითვისებული და ათასი სხვა რაღაც. რა გახდა მამალაძის შეწყალება? ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ინჯია ამბობს, რომ ლევან მამალაძე მისი არც მეგობარია და არც ნათესავი, მხოლოდ იცნობს.
“რა გააკეთა იმ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო? სად არის ეს ოქროს ზოდები, თუ რამე მოპარული ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა?” — დასძინა ფრიდონ ინჯიამ.
ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველო “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დატოვა. საქართველოს სასამართლომ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.