ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა შექმნა ა(ა)იპ, რომელსაც ბავშვებისთვის კულინარია და კომპიუტერი სწავლება უნდა დაეფინანსებინა, თუმცა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კომპიუტერის შემსწავლელ ცენტრში კომპიუტერები არ იყო. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ აუდიტში, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებაა.
ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა შექმნა ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომელსაც დებულების მიხედვით, ევალება განუვითაროს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობითვე, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, ჯამში, 112 ათასი ლარი დახარჯა.
“ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი – კულინარიის და ორი – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები. აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით”,-წერია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე მოხვდა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორი ა(ა)იპ, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ბაგა-ბაღებს განაგებენ. ანგარიშის თანახმად, საკვლევ პერიოდში, ანუ 2018-2019 წელს, ამ ორი ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე 900 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. ორივე ორგანიზაციაში, ჯამში, 128 ადამიანია დასაქმებული.
აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა, რატომ გახდა საჭირო ბაგა-ბაღების მართვისთვის ორი ა(ა)იპ-ის შექმნა, მაშინ, როცა ერთი მათგანი მხოლოდ ერთი სოფლის ბაგა-ბაღს განაგებს, და რატომ გასწია მუნიციპალიტეტმა ორმაგად ადმინისტრაციული ხარჯები.
“ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების მართვას ახორციელებს ა(ა)იპ – ა(ა)იპ „წიწერნაკ“ და ა(ა)იპ „ძნწაღიკ“. ა(ა)იპ „წიწერნაკში“ გაერთიანებულია 11 ბაღი, მათ შორის 2- ქალაქ ნინოწმინდაში, ხოლო დანარჩენი- სხვადასხვა სოფლებში. 2018-2019 წლებში ბაგა-ბაღების გაერთიანებაში სულ დარეგისტრირებული იყო 1359 აღსაზრდელი.
ა(ა)იპ „ძნწაღიკ“ ფუნქციონირებს სოფელ განძაში და შედის ამ სოფლის ერთი ბაღი. 2018-2019 წლებში დარეგისტრირებული იყო 280 აღსაზრდელი.
აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი აღსაზრდელებს სთავაზობს ერთნაირ მომსახურებას – „წიწერნაკის“ სოფლის ბაღები და „ძნწაღიკის“ განძის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღის პირველ ნახევარში, ასევე, ბავშვები უზრუნველყოფილი არ არიან კვებით.
მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ გახდა საჭირო სოფელ განძის საბავშვო ბაღისათვის ცალკე ა(ა)იპ-ის დაარსება და რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. ასევე, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა. 2018-2019 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 133.7 ათასი ლარი”,-წერია ანგარიშში.