გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებით, კურორტ გომის მთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების გამოსაყვანად ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა გურიის მხარის პრესსამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში კვლავ რჩებიან ადამიანიები, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ.
“სულ ოთხი პირი იმყოფებოდა, სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა. დანარჩენ სამთან მაშველები მიდიან”, – განუცხადეს ნეტგაზეთს.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ახალგაზრდები წარმოშობით ოზურგეთიდან არიან.
ამ დროისთვის ოზურგეთში, კურორტ გომის მთაზე დიდთოვლობაა. დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინვის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები, რათა სტიქიის ზონაში მოყოლილი პირები გადაარჩინონ.