კომენტარი

გადარჩენილების გადარჩენა | ნინო სურამელაშვილი

2 მარტი, 2025 •
გადარჩენილების გადარჩენა | ნინო სურამელაშვილი

ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი

გურიაში გადმოსვლა

სამი წლის წინ გადმოვედი გურიაში საცხოვრებლად, მაგრამ ეს მხარე ტყუილად არ ამირჩევია – აქ, დედაჩემის წინაპრების სახლში მაქვს გატარებული ჩემი ბავშვობის ყველა უბედნიერესი ზაფხული. ჩვენი სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გურიის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ამიტომ, გაოგნებული მეგობრების და ნაცნობების თვალწინ ჩავალაგე ბარგი და ჩოხატაურში გადმოვსახლდი. 

ამას იმიტომ ვამბობ, რომ გურიაში პირველად სამი წლის წინ არ დამიდგამს ფეხი – ეს ადგილი იყო ჩემი ბავშვობა და ეს ადგილია ჩემი ახლანდელი სახლი. 

სტიქია

ჩემი აქ ცხოვრების მესამე ზამთარი რთული გადასატანი გამოდგა. გაზაფხულივით იანვრის მერე, 21 თებერვალს გათოვდა. იმ ღამესვე ბლომად დადო, ისე რომ სამტრედიისკენ მიმავალ ჩოხატაური-საჯავახოს გზაზე მანქანებს გადასვლა გაუჭირდათ. 

თოვა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. ამ დროს უკვე საათში ერთხელ ვამოწმებდი ამინდის პროგნოზს და რომ ვნახე, თოვა გაგრძელდებოდა (112-დანაც მომივიდა მესიჯი და სიფრთხილისკენ მომიწოდა – დღემდე არ მესმის, ამ შეტყობინებების აზრი – რა უნდა უქნა სტიქიას თუ ვინმე არ მოგეშველა? ქვა ესროლო თუ თოფი?), ამინდის პროგნოზი ხშირად იცვლება ხოლმე, მაგრამ არ გავრისკე – მაღაზიაში ჩავედი და სამი-ოთხი დღის პროდუქტი მოვიმარაგე. ამ დროს თოვლი უკვე მუხლამდე იდო და მთავარი გზა კანტი-კუნტად იწმინდებოდა. ამ გზის პირას ვცხოვრობ და ტრაქტორი დღეში ერთხელ ან ორჯერ თუ ჩაივლიდა. 

(მერე გავიგე, რომ 61-სოფლიან მუნიციპალიტეტს სულ ხუთი ტრაქტორი ჰყოლია და არცთუ კარგ მდგომარეობაში. შესაბამისად, დამატებითი ტექნიკის გარეშე სოფლების ცენტრალური გზებიც კი ვერ იწმინდებოდა – არაფერი იწმინდებოდა დაბის გარდა) 

გზა (უგზოობა) 

ადამიანის შველისკენ მიმავალი გზა პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე გადის. არ არის გზა – არ არის საშველი. 

სტიქიის მეოთხე დღეს თოვლის სიმაღლემ უკვე ორ მეტრს გადააჭარბა. სოფლები თოვლში დაიმარხა. ბევრგან გაითიშა ელექტროენერგია, გაზი და წყალი. 

სახურავებმა თოვლის უზარმაზარი მასისგან დაიწყო ჭრიალი და სიბნელეს, სიცივეს, გამოუვალობას ახლა სიკვდილის შიში დაემატა – ეს ემოციაც არის და ფაქტიც, თვითონ გამოვცადე.  

სტიქიის მეხუთე დღეს სახლებმა ნგრევა დაიწყო. ყველა სოფელში სულ ცოტა რამდენიმე სახლი დაინგრა. გადარჩენილებმა მეზობლებს შეაფარეს თავი.  

ამას ძალიან მშრალად ვწერ, მაგრამ სახლის დანგრევა ყოველი იმ დღის დანგრევაა, როცა ოჯახისთვის ჭიქა, თეფში, ზეწარი, მაცივარი გიყიდია. იქ აგური დაგიდია, აქ ფიცარი მიგიჭედებია. 

სულ ცოტა სამი ადამიანი სახლის ნანგრევებსაც ვეღარ გაწმენდს და აგურს თავიდან ვერ დადებს – ამ ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.  

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ – პირველ რიგში, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გაწმენდილი გზები, რასაც მოჰყვებოდა ადამიანების და სახლების გადარჩენა. 

ზღაპრული გურია და გამთოლავები ნამდვილ გურიაში

გურიაზე ხშირად წაიკითხავ ამაღელვებელ ამბებს. ზამთარში სოფელში ნადი იკრიბება – ყველა, ვისაც ღონე მოსდევს, სახლების სახურავებზე დგება და „გათოლვას“ იწყებს. ჯერ ქვრივ-ობლების და მარტოხელების სახლებს თოლავენ, მერე მიუყვებიან საჭიროების მიხედვით. თოვლში ბილიკები გაჰყავთ და ორღობეებში გადაძახილები ისმის – მეზობლები ერთმანეთს კითხულობენ. 

ანუ ხალხი თვითონ ორგანიზდებოდა. 

მაგრამ ამ ზღაპრული გურიისგან თითქმის არაფერია დარჩენილი. ნამდვილ გურიაში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ. ჯანი ვისაც უნდა მოსდევდეს, იმათი უმრავლესობა ზამთარ-ზაფხულ მოსაწევითაა გაბრუებული. დადიან გამთოლავების ბრიგადები – თითო სახურავის გათოლვა 300 ლარიდან იწყება. მაგრამ ეს ბრიგადები საქმეს ვერ უთავდებიან და ვერც სოფლებში ადიან – გ ზ ა არ არის. 

საბედნიეროდ, ყველგან ასე არ ყოფილა – ზოგ სოფელში მეზობლებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ და სხვა სოფლებშიც გადადიოდნენ.  ძალიან მინდა, კიდევ ბევრი ასეთი ამბავი გავიგო. 

ადგილობრივი ხელისუფლება 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ რიგში დაბა ჩოხატაურში გაწმინდა გზები იმ რამდენიმე ტრაქტორით, რაც ჰქონდა. როცა ვამბობ, გზები გაწმინდეს-მეთქი, ვგულისხმობ რომ ზედ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შეეძლოთ სიარული. ფეხით სიარულისას დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. საჯავახოს გზიდან ვერ დადიოდა დისტრიბუცია და რაიონი ვერ მარაგდებოდა აუცილებელი და გადაუდებელი მოხმარების პროდუქტებით. დაბის ცენტრში ტრაქტორებმა გზიდან გადაყრილი თოვლით ამოქოლეს მაღაზიების და აფთიაქების კარები. იქ შესაღწევად თვითონ ამ დაწესებულებების თანამშრომლებს მოუწიათ გვირაბების გათხრა თოვლში. 

მაღაზიების წინ თოვლავენ ძირითადად ქალები. ადგილობრივი ჯეელები ცენტრში, სადაც თოვლისგან თავისუფალი დასადგომია, დიდთოვლობაზე და დიდ პოლიტიკაზე მსჯელობენ. ზოგიერთები ჯიპებით ტკეპნიან დაბის „გაწმენდილ“ გზებზე მიყინულ თოვლს. 

სტიქიის მეოთხე დღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეოები, როგორ გაწმინდეს ბახმაროდან ჩამოყვანილი რამდენიმე ჰეპსბოლერით რამდენიმე სოფლის ცენტრალური გზა. ვიდეოებში ჩოხატაურის მერი თვითონ ხელმძღვანელობს სამუშაოებს. ამ ვიდეოების ნახვის მერე გამხნევებულმა მაღაზიაში გამყიდველს ვკითხე – ხომ გაიწმინდა სოფელში გზა-მეთქი. ჩაეცინა – კამერების წინო. კამერები გამორთეს და ტრაქტორიც გაჩერდა, წავიდაო. 

მე როგორც ვიცი, სტიქიის მეოთხე დღეს გაიწმინდა 61-დან მხოლოდ რამდენიმე სოფლის ცენტრალური გზა. ამ დროისთვის დანარჩენები ისევ დამარხული იყო უშუქოდ და უწყლოდ. კაცმა რომ თქვას, „გაწმენდილებიც“ დამარხული იყო, იმიტომ რომ ცენტრალურ გზამდე მისაღწევად კიდევ ბევრი გზა იყო გასაწმენდი.

ადგილობრივების რეაქცია ხელისუფლების მიღებულ ზომებზე 

ფრთხილი და მოზომილი – „რაც შეუძლიათ, აკეთებენ“, „სულ ხუთი ტრაქტორია“, „ტრაქტორი ამხელა თოვლს როგორ მოერევა“. თვალით გზომავენ – ღირს თუ არა მეტის თქმა. შეშინებული – „ხმას ამოიღებ და რა მერე?“  

მერიის პოსტებზე – გულები და მადლობები. არ ვიცი, ვისგან. იმიტომ რომ მუნიციპალიტეტის ნახევარზე მეტი უშუქოდ და სამყაროს მოწყვეტილია, ბევრი სიკვდილს უყურებს თვალებში. ალბათ მეორე ნახევრისგან. 

 ახლო წარსული – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

მობილიზაცია არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. გაიხსნა საარჩევნო შტაბი, სადაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც კი გადაიყვანეს. „ქართული ოცნების“ კოორდინატორები კარდაკარ დადიან და ხმებს კრებენ. არავინ გამორჩენიათ – დავრდომილი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო, პოლიტიკისადმი გულგრილი, მოხუცი, ახალგაზრდა, აქ მყოფი-არმყოფი – არავინ. შტაბში იკრიბება ამომრჩევლების მონაცემები – შტაბის თანაშრომლების მოვალეობაა, არჩევნების წინა დღეებში და უშუალოდ არჩევნების დღეს შეახსენონ ხალხს, რომ უნდა მოვიდნენ და „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა.  

არჩევნების დღეს „ჩემი ხმის“ დამკვირვებელი ვიყავი დაბაში, ერთ-ერთ უბანზე. დილიდან თავსხმა წვიმა მოდიოდა. რვა საათიდან დაიწყო დენა ნაკადმა – მოხუცების, დავრდომილების, უსახლკაროების, სოციალურად დაუცველების – ყველასი. საერთოდ, გურულებს ადრე ადგომა მაინცდამაინც არ უყვართ და ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, ასეთ ამინდში დილაადრიან ამდენი ხალხი რომ მოესია უბანს – ძალიან გულანთებულები უნდა ყოფილიყვნენ, ამ ამინდში დილის რვა საათზე რომ გაემეტებინათ თავი. 

ქუჩის გადაღმა, სწორედ საარჩევნო უბნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისი იყო – ოფისის წინ ძალიან ბევრი ჯიპი და უფრო მეტი ხალხი, რომლებსაც თვალი უბნისკენ ეჭირათ. 

მათი კოორდინატორებიც იქ იყვნენ, უბნის გვერდზე მაღაზიებს აფარებდნენ თავს და გზას გაჰყურებდნენ – არავინ გაბედოს და დაავიწყდეს, რომ მისი ოჯახის წევრი ან თვითონ ადგილობრივ სახელმწიფო დაწესებულებებშია გაფორმებული (გაფორმებული და არა დასაქმებული – შეიძლება მაღაზიაში იყო გამყიდველი, მაგრამ გაფორმებულიც იყოს, ვთქვათ, სპორტულ სკოლაში და ხელფასს იღებდეს არაფერში). 

ამით რისი თქმა მინდა – ადგილობრივ ხელისუფლებას არნახული მობილიზაციის უნარი აქვს, როცა ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება. 

რაც შეუძლიათ, აკეთებენ“ – რა შეეძლოთ და რა (არ) გააკეთეს

წარმოიდგინეთ, რომ ღარიბი მუნიციპალიტეტის მერი ხართ. სულ ხუთი ტრაქტორი გყავთ. უკვე მუხლამდე თოვლი დევს. პროგნოზი ამბობს, რომ უფრო მეტი მოვა. 112-ის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც მოდის. 

შეიძლება გათოვებამდე ვერა, მაგრამ მუხლამდე თოვლში და უარესი პროგნოზით მუნიციპალიტეტის მერი ფიქრობს რა გააკეთოს. მოისაზრებს, რომ სოფლებში მალე გაუვალი თოვლი დადებს და უკავშირდება ცენტრალურ ხელისუფლებას. სთხოვს დამატებით ტექნიკას. ან ფულს ტექნიკის დასაქირავებლად. მოითხოვს ჯარის და მაშველების მობილიზაციას. 

ამასობაში, არ ელოდება, როდის მოაღწევს დახმარება ცენტრალური ხელისუფლებისგან.

მოისაზრებს, რომ მუნიციპალიტეტში ბევრი სახლია ავარიული და რადგან ხალხი თვითონ ორგანიზებას ვერ ახერხებს, სოფლის რწმუნებულებს, დეპუტატებს, ხალხს მიმართავს: 

„ხალხო, დამიდექით გვერდში, ვისაც შეგიძლიათ – შევქმნათ ბრიგადები და მზად ვიყოთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ომი გვაქვს სტიქიასთან და როგორც ომში, გამოდით ქუდზე კაცი და დავეხმაროთ ერთმანეთს. ვისაც მაღალი გამავლობის მანქანები გყავთ, ვიაროთ სოფლიდან სოფელში და გავათავისუფლოთ გზები – სადაც გავათავისუფლებთ, მერე იქიდანაც წამოვა ხალხი და ასე ვიზამთ ყველაფერს ერთად“. 

იმ სოციალურად დაუცველებსაც შემოუძახებს, რომლებსაც მანამდე სკოლების ეზოებში და გზებიდან პლასტმასის ბოთლების ასაღებად ამუშავებდა. 

ზუსტად ისე შეკრებს ქუდზე კაცს, როგორც არჩევნების წინ ქნეს. თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად შეიძლება ხალხის მობილიზაცია, ამავე ხალხის გადასარჩენად რატომ არ შეიძლება? 

ჩემი პირადი აზრია, რომ სოლიდარობა და ხალხის ერთად დგომა უბრალოდ აშინებთ (აქ არ ვლაპარაკობ ინდივიდებზე – მერზე, მერის მოადგილეზე და თანამშრომლებზე, არამედ სისტემაზე) – მაშინ ხომ გაქრება უძლეველი ხელისუფლების მითი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. 

ჯობია იფიქროთ, რომ სულ ეს შეიძლებოდა და ეს უნდა გაკეთებულიყო – ხუთიოდე სოფლის ცენტრალურ გზებზე ტრაქტორით ასვლა. 

აქვე ჩემი დიდი პატივისცემა და მადლობა უშუალოდ იმ ხალხს, ვინც ამ დღეებში ტრაქტორიდან არ ჩამოსულა, ვინც წყლის და ელექტროენერგიის აღდგენაზე დღე და ღამე მუშაობდა ამ თოვლსა და ყინვაში – ისინი ნამდვილად აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ.  

მოხალისეები 

მოხალისეებზე ბევრი დაიწერა, ამიტომ მე აღარ გავაგრძელებ. ბევრი მათგანი მანამდე რუსთაველზე იდგა, საპროტესტო აქციებზე. დიდთოვლობის ამბავი როგორც კი გაიგეს, იქით დაიძრნენ, სადაც ისევე მნიშვნელოვანი იყო ყოფნა, როგორც რუსთაველზე  (ქუჩის პროტესტი რატომ გახდა საჭირო, ერთი პატარა მაგალითისთვის ამ ტექსტის წინა ნაწილს დაუბრუნდით). 

მოხალისეების უამრავი ჯგუფი ჩამოვიდა და განაწილდა სოფლებში – ყველა, ვისაც მაღალი გამავლობის მანქანები ჰყავდა, ეკიპირება ჰქონდა და შველა შეეძლო. სამწუხაროდ, ამ რესურსის გამოყენება ადგილობრივმა ხელისუფლებამ არათუ ვერ მოახერხა, როგორც მივხვდი, არც მიიღო მათი დახმარება და მოხალისეებს თვითონ მოუწიათ გზის გაკვლევა იმ სოფლებში, სადაც ქუჩის სახელები ათადან-ბაბადან არავინ იცის – მხოლოდ სახელითა და გვარით მიგასწავლიან მოსახლეს. 

რა წვლილი შეიტანა ამაში კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებამ, ამაზე ცალკე უნდა დაიწეროს – აქ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ ისეთი ერთობა, როცა მსახიობი და რეჟისორი გურული სახლის სახურავზე იდგნენ და თოვლავდნენ, ხშირად არ გექნებათ ნანახი. 

ეპილოგი

ამას სტიქიის დაწყებიდან მერვე დღეს ვწერ. მზე გამოვიდა. თოვლმა დნობა დაიწყო და საჯავახოდან ჩოხატაურისკენ მომავალ გზაზე დღე და ღამე ამუშავდა ტრაქტორები. დისტრიბუციაც შემოვიდა. შეშით და საკვებით დატვირთული მანქანებიც. ზოგიერთი სოფელი ისევ ჩაკეტილია და არ ვიცით, კიდევ რა ამბის გაგება გველოდება. 

მე მარტო იმას ვნატრობ, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვოს და სახლები თუ არა, უკლებლივ ყველა ადამიანი გადარჩეს, ვინც ამ სახლებშია გამოკეტილი. 

კიდევ იმას, რომ არცერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს ხალხის და მათი საბადებლის ცარიელ რიცხვებად და სტატისტიკად ქცევა და საშველად რომ მიმართავენ, არ უთხრას: 

„სანამ სახლი არ დაინგრევა, ჩვენ არ გვეხება“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი