ახალი ამბები

„სტანდარტული ფორმაა“ – სასამართლო ტვ პირველის განჩინების ტექსტზე

11 მარტი, 2021 •
„სტანდარტული ფორმაა“ – სასამართლო ტვ პირველის განჩინების ტექსტზე

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ ტვ პირველთან დაკავშირებული განჩინების გამოცემისას „არანაირი განსხვავებული წესი არ გამოყენებულა“.

„საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია, საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს“, – წერია სასამართლოს მიერ 11 მარტს, საღამოს საათებში გავრცელებულ განცხადებაში.

„შესაბამისად, აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.

ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას უწოდა „მძიმე პრეცედენტი“, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“.

სახალხო დამცველმა პროკურატურას მოუწოდა, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც „მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას“.

„ტვ პირველი“ აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა, რაც განჩინებაშია მითითებული, არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, პროკურატურას არ გადასცემდნენ, რადგან ჟურნალისტის წყარო კანონმდებლობით დაცულია. მათი შეფასებით, სასამართლოს/პროკურატურის გადაწყვეტილება „წყაროზე გასვლის მიზანს“ ემსახურება.

ამავე დროს, ტელევიზია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.

„ტელევიზიას არცერთი წამით არ დავთმობთ“ — განაცხადეს არხის ჟურნალისტებმა სპეციალური მიმართვისას.

სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი