მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურტურას “ტვ პირველიდან” ჩანაწერების ამოღების ნება დართო, არხის დამფუძნებლებთან ერთად ჟურნალისტებმა ტელევიზიის მიმართ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.
ინგა გრიგოლიამ დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ტვ პირველის” მიმართ იყო მუქარისა და შანტაჟის ფაქტები. ამის მაგალითად ჟურნალისტმა “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება დაასახელა. ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართა და პირობა დადო, რომ ტელევიზიას არ დათმობენ:
“ხელისუფლებას მინდა მივმართო: ბატონებო და ქალბატონებო, მრავალი წლის განმავლობაში ბევრი რამ გვინახავს, გვინახავს 7 ნოემბერი… ხელკეტებითა და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია. გვინახავს შევარდნაძის დროს უშიშროების შესვლა ტელეკომპანია რუთავი 2-ში. სწორედ ასეთი, ვითომ რაღაც შესაბამისი საბუთებით… გვინახავს ამ ტელევიზიაზე ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, სასამართლოები, პროკურატურა… არარსებული საქმის გამო ჩვენი დამფუძნებლის მამას რომ დაატარებდნენ პროკურატურასა და სამართლოში და დღემდე ეს საქმე გრძლედება.
ამას წინათ მოვისმინე ნოდარ მელაძის მიერ გამოქვეყნებულ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ ეს არის საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავსო. მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ ჩვენი დამფუძნებლის მამას რის გამოც დაატარებენ სასამართლოებზე და პროკურატურაში, ამ საქმესაც არც მომჩივანი ჰყავდა და არც დაზარალებული. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები. გავლილი გვაქვს ყველაფერი, ძალიან გამოწრთობილი თაობა ვართ, ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ და გაძლევთ პირობას, რომ ამ ტელევიზიას არცერთი წამით არ დავთმობთ.”
“ტვ პირველის” კიდევ ერთი ჟურნალისტისთვის, დიანა ტრაპაიძისთვის გაუგებარია პროკურატურის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ტელევიზიას უფლება აქვს ჟურნალისტური საქმიანობის დროს მოპოვებული მასალები საგამოძიებო უწყებას არ გადასცეს. ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ზეწოლის გამოცდილება აქვთ და სასამართლოს განჩინება და პროკურატურის ქმედებები მათ ვერ შეაშინებენ:
“ინგამ [გრიგოლიამ] ახსენა ერთი კონკრეტული ეთერი, სადაც გამორთვაზე იყო საუბარი. გამორთეთ კრიტიკული არხები. ვფიქრობ, ამ ტიპის მოწოდებების რაღაც სამართლებირივი გაგრძელების წინაპირობა შეიქმნა და სრულიად უცნაური სიტუაცია [მივიღეთ]. იურისტი არ ვარ, მაგრამ რასაც ვაკვირდები, სრული აბდაუბდაა.. როდესაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს საგამოძიებო ორგანოს. ახლა პროკურატურას უხდება განცხადების გზაში დაწევა და იმის თქმა, რომ ჩვენ თურმე გვაქვს მასალის არგადაცემის, წყაროს არგამჟღავნების და, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერის დაცვის უფლება.
დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის, მაგრამ არ ვიცი, სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს თუ არა ეს დამატებითი განმარტება მაშინ, როცა არსებობს ამ ტიპის გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან. მეც იმ ჟურნალისტთა კატეგორიიდან ვარ, რომლებმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს თავზე გადავიარეთ უმძიმესი შემოტევები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არც შეგვაშინებს და არც იქნება იმის საფძველი, რომ დავშინდეთ და უარი ვთქვათ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე.”
არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარმა პროდიუსერმა, ნოდარ მელაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მელაძის თქმით, პროკურატურის განცხადების მიუხედავად, რომ ტელევიზიაში იძულებითი ღონისძიების გამოყენებას არ აპირებს, არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება, რისი საშუალებითაც საგამოძიებო უწყებას ამის გაკეთების საშუალებას აძლევს.
“გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რათა არ მოვამზადოთ და არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია და სანამ ეს არხი ეთერში უჩვენებს, და ასე იქნება კიდევ დიდხანს, აუცილებლად გავაგრძელებთ იმავე რეჟიმით მაუწყებლობას, რომელ რეჟიმშიც ვმაუწყებლობდით დღევანდელ დღემდე. რადგან ვფიქრობთ, რომ დღეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა მოიკვლიოს, გამოიძიოს და მაყურებელს უჩვენოს ფაქტები, რაც მათ გარშემო ხდება და მათ ცხოვრებაზე აისახება. ასევე, ჟურნალისტის უფლებაა იმუშაოს პროსამთავრობო ტელევიზიაში. უბრალოდ, წლების შემდეგ ისტორია შეაფასებს, ვინ ვიდექით სწორ მხარეს”, — აცხადებს მელაძე.
2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, “ტვ პირველიდან” ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი. “ტვ პირველი” აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა არ აქვს და რომც ჰქონდეს, პროკურატურას არ გადასცემდა, რადგან ეს წყაროზე გასვლის მიზანს ემსახურება. “ტვ პირველი” მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.