ახალი ამბები

სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”

11 მარტი, 2021 • 760
სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს.

ომბუდსმენის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება “წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება”. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.

“ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მოპოვებულია ჟურნალისტის კონფიდენციალური წყაროს გამოყენებით. ჟურნალისტის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გადასცეს გამოძიებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, პირველ რიგში, დაცულია შიდა კანონმდებლობით. მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა „არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლების ხელყოფას. სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, განჩინებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა.

“კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესად აღიქვამს. ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში – სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, განჩინების აღსრულება ხომ არ გამოიწვევდა ჟურნალისტის ხელთ არსებული სხვა წყაროს ვინაობის გამჟღავნებას, რაც მეათე მუხლის დარღვევის დამატებითი საფუძველია”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას  უფლება მისცა, “ტვ პირველიდან” ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი. “ტვ პირველი” აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა არ აქვს და რომც ჰქონდეს, პროკურატურას არ გადასცემდა, რადგან ეს წყაროზე გასვლის მიზანს ემსახურება. “ტვ პირველი” მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი