ახალი ამბები

“აღიქმება, როგორც წყაროების გამჟღავნების მცდელობა” – ნათია კაპანაძე ტვ პირველის საქმეზე

11 მარტი, 2021 • 1073
“აღიქმება, როგორც წყაროების გამჟღავნების მცდელობა” – ნათია კაპანაძე ტვ პირველის საქმეზე

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელი ნათია კაპანაძე სასამართლოს განჩინებას აფასებს, რომლითაც პროკურატურას ტელეკომპანია “პირველიდან” გარკვეული მასალების ამოღების შესაძლებლობა მიეცა და აღნიშნავს, რომ პროცესი აჩენს აღქმას, რომ ის მიმართულია ტელეკომპანიის წყაროს გაჟღავნებისკენ, რისგან დაცვის გარანტიებიც კანონმდებლობაში არსებობს.

კაპანაძის თქმით, ჟურნალისტს ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი წყარო, რაც დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

როგორც კაპანაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, მიმდინარე პროცესი აცდენილია პროკურატურის განცხადებას, სადაც უწყება კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმართული იქნებოდა ჟურნალისტების საქმიანობასთან:

“შიში, რომ ეს გამოძიება გადაიზრდებოდა წყაროს გამჟღავნების მცდელობაში, დღეს უკვე ნათელია. ასეთი დაგეგმარება, გამოძიების ამ კუთხით წასვლა აცდენილია იმ სამართლებრივ მოლოდინებს, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ადგენს. ჩვენი კანონმდებლობა უთითებს, რომ ჟურნალისტს შეუძლია უარი თქვას ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე. სასამართლო აუცილებლად უნდა დაეყრდნოს ამ ჩანაწერის დემოკრატიულ შინაარსს და არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ, დაკითხონ ან გამოიყენონ რაიმე დამატებითი ღონისძიება, რათა მედია აიძულონ გათქვას საკუთარი წყარო. ნებისმიერი მცდელობა აღიქმება, როგორც წყაროების გამჟღავნების მცდელობა, რაც არ არის შესაბამისი სამართალთან”, – ამბობს ნათია კაპანაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიამ გამოიყენოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. კაპანაძის თქმით, აღნიშნული აჩენს სიტყვისა და გამოხატვის უფლებაში უხეში ჩარევის საშიშროებას.

კაპანაძე განმარტავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, ეს იქნება სიტყვიერი შეფასება, ჟურნალისტებზე სიტყვიერი თავდასხმა ან და სამართლებრივი ნორმების მოშველიებით მიღებული ნებისმიერი შეზღუდვა, აჩენს რისკს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას. და თუ ამის მიზანი ცენზურა არაა, კაპანაძის თქმით, შესაძლებელია ჟურნალისტებში თვითცენზურის ნიშნები გააჩინოს:

“ჩვენს ქვეყანაში ძალიან გახშირებულია სიტყვიერი თავდასხმები. მედიაკოალიციის მხრიდან იმიტომაც არის ხოლმე გამოხმაურების საგანი [ასეთი ფაქტები], რათა არ მოხდეს თვითცენზურის ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ ეს არის დასაშვები, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსების გამონათქვამები და დამოკიდებულება ძალიან მყისიერად და სწრაფად აისახება ხოლმე საზოგადოების დამოკიდებულებაზე ჟურნალისტების მიმართ.

ერთგვარი გადამდები სენი გახდა, როდესაც ჟურნალისტების შეზღუდვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გვაქვს სახეზე. ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიება ამ პროცესის რთული ნაწილია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნიშნები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, გამოძიება არც მყისიერად მიდის და შესაბამისი შედეგებიც თითქმის არ გვაქვს სახეზე”, – ამბობს კაპანაძე.

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმაოდგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. ამის მიზანია, როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ წყარო, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი. შეგვიძლია, როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ გამოკითხვაზე წყაროს ვინაობა, ასევე  არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით” ,– ამბობს ნოდარ მელაძე.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი