ახალი ამბები

ბუნებაში არ არსებობს კონვერტი, რომელსაც პროკურატურა ითხოვს — მელაძე

11 მარტი, 2021 • 1206
ბუნებაში არ არსებობს კონვერტი, რომელსაც პროკურატურა ითხოვს — მელაძე

“TV პირველის” ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის თქმით, სასამართლოს განჩინებაში ნახსენები კონვერტი “ბუნებაში არ არსებობს”. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მელაძის თქმით, პროკურატურა ცდილობს, კონვერტისა და ელექტორნული მატარებლის მოთხოვნის გზით მოიპოვოს წყაროს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, როგორიცაა დნმ ან თითის ანაბეჭდები:

“ამ განჩინებით დგინდება, რომ მათ ინტერესს არ წარმოადგენს გამოძიებაში გამოყენებული მასალები. არამედ მათ ინტერესს წარმოადგენს რაღაც კონვერტი, ჰგონიათ, რომ ვიღაცამ რაღაც კონვერტში ჩადებული “ფლეშკა” მოიტანა ტელევიზიაში, რომლითაც ალბათ, დაადგენენ დნმ-ს ან თითის ანაბეჭდს.

ბუნებაში არ არსებობს კონვერტი, რომელსაც ისინი ითხოვენ. რომელ წყაროს მოაქვს ტელევიზიაში მასალა ისე, რომ შეიძლება დატოვოს საკუთარი კვალი? ან ტელევიზიაში ვინ მოიტანდა? როდესაც წყარო ჟურნალისტს ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და სავარაუდო დანაშაულის შემცველ მასალას გადასცემს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობს თავი გადაიზღვიოს და ჩვენც გადავაზღვიოთ”, — განმარტა მელაძემ.

დღეს, 11 მარტს, ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა მოსამართლის განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას აკმაყოფილებს და უფლებას აძლევს, ამოიღონ “TV პირველის” ეთერში 6 მარტს გასულ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელევიზიისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი.

განჩინებაში ასევე ჩაწერილია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ძალა გამოიყენოს.

მელაძის შეფასებით, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინება, რომლის მიხედვითაც “საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ძალა”, საფრთხეს უქმნის ტელევიზიის სხვა მასალებსაც.

მელაძის თქმით, ამ შემთხვევაში ძალოვან უწყებებს კომპიუტერების და ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობების წაღების შესაძლებლობა ექნებათ, რაც საფრთხეს შეუქმნის სხვა ჟურნალისტური გამოძეიბების ეთერში გასვლას და “შესაძლოა არხის მაუწყებლობაც კი დადგეს საფრთხის ქვეშ”.

ამასთან, მელაძე აცხადებს, რომ  სასამართლოთვის მიმართვამდე პროკურატურას არ მიუმართავს უშუალოდ ტელევიზიისთვის ჩანაწერების გადაცემასთან დაკავშირებით:

“სრულიად ალოგიკურ რაღაცას აკეთებენ, ვინმეს მიმართეს და უარი უთხრა მასალის გადაცემაზე?”, — ამბობს მელაძე.

მელაძის თქმით, ტელევიზია გამოიყენებს ყველა კანონიერ რესურსს იმისთვის, რომ არ აღსრულდეს მოსამართლის განჩინება:

“იურისტები ახლა მუშაობენ და მათთან კონსულტაციების შედეგად გავარკვევთ ყველა დეტალს და გამოყენებული იქნება ყველა გზა თავისუფალი მედიის დასაცავად. კანონი ჩვენ გვიცავს – 50-ე მუხლში ძალიან კარგად წერია, რა უფლება გააჩნია ჟურნალისტს. თან არის დაკონკრეტებული და ძალიან მკაფიო ჩანაწერია, რომელიც ორმაგი კითხვის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ გვიცავს კანონი და კანონით ვეცდებით ჩვენი უფლებების დაცვას”, — ამბობს მელაძე.

ასევე, მელაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სპეციალურად “ასეთი საქმეებისთვის მოიყვანეს”, რადგან მან მოსამართლის პოსტი 2020 წლის დეკემბერში დაიკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო.

“მოსამართლის ბიოგრაფიას რომ ჩახედავთ, იმ წუთშივე ყველა კითხვას ეცემა პასუხი. 2020 წლამდე ადამიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. როგორც ჩანს, ასეთი საქმეებისთვის მოიყვანეს.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის ბიოგრაფიაში წერია, რომ 2016-2020 წლებში მართლაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. 2017-2020 წლებში კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.

მანამდე ლაშა კლდიაშვილი სხვადასხვა რეგიონში პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, 2020 წლის დეკემბრიდან კლდიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა.

კლდიაშვილი ერთ-ერთია იმ 36 მოსამართლეს შორის, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნოემბერში დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ 36 მოსამართლე ღამით დანიშნეს და “მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”.

„ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ამ სამ მოქმედ პირებს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა- ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრა. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილი გავრცელდა.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი