ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.
ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმაოდგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. ამის მიზანია, როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ წყარო, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი. შეგვიძლია, როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ გამოკითხვაზე წყაროს ვინაობა, ასევე, არ მივანიშნოთ არანაირი ირიბი მინიშნება წყაროსთან დაკავშირებით”, – ამბობს ნოდარ მელაძე.
❗ სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა
? თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო…Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday, 10 March 2021
სამაუწყებლო კომპანიის განცხადებით, ამჟამად მათი იურისტები წერილს ამზადებენ, რომლითაც პროკურატურას მიმართავენ:
“ახლა TV “პირველის” იურისტები წერილს ამზადებენ, რომლითაც მიმართავენ პროკურატურას. განჩინება არ არის ნათელი, არ არის გაწერილი, რას ითხოვენ კონკრეტულად TV “პირველიდან” და როგორ დააადგინეს, რომ აუდიოჩანაწერები ტელეკომპანიას კონვერტით ან აუდიომატარებლით მიაწოდეს”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.
„ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
ამ სამ მოქმედ პირებს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა- ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრა. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა თქვეს, რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილი გავრცელდა.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით