სპეციალურ პენიტენციური სამსახურში ამტკიცებენ, რომ ყველა ციხეში გათბობა ჩართულია და გამართულად ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ყველა ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება. იმ შემთხვევაში კი, თუ მკურნალობის გაწევა დაწესებულებაში შეუძლებელია, ისინი გადაჰყავთ საავადმყოფოში.
“დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.
ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება საზოგადოებას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციისგან.
დღეს, 15 ნოემბერს, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა, პატიმრებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია გლდანის ციხეში არსებულ ვითარებაზე. მათ შორის, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაწესებულებაში ჯერ არ ჩაურთავთ გათბობა.
ერთ-ერთი, ვინც TV პირველის თქმით, გლდანის ციხეში არსებულ ვითარებაზე მათ წერილი მისწერა რეზო კიკნაძეა. TV პირველი, კიკნაძეზე დაყრდნობით ამბობს, რომ პატიმარი თვეების განმავლობაში ელოდება სამედიცინო მომსახურების მიღებას. ამავე გადაცემაში საუბარი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ირაკლი ნადირაძეზეც, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს. TV პირველის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ ჰქონდა წნევა, რის გამოც თანამესაკნეებმა ბადრაგს ექიმის გამოძახება სთხოვეს. თუმცა, მათთან ექიმი არ მიუყვანიათ.
TV პირველის ინფორმაციით, პატიმრები უჩივიან საკვებსაც – მათი თქმით, კერძები არასანიტარულ პირობებში მზადდება და მათი ჭამა შეუძლებელია.








