„ოცნების“ დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილის ადვოკატი, დავით ასათიანი ამბობს, რომ ცილისწამებაზე მათი სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან. ეს კომენტარი ადვოკატმა „იმედთან“ გააკეთა.

ასათიანს არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც „ცილისწამებას“ ავრცელებენ და არც ის უთქვამს, როდის იქნება სარჩელი მზად:

„ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში იმ ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.
ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და გაკეთებულია ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და, დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, ან და პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულის დაბრალება ადამიანზე, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – თქვა ადვოკატმა დავით ასათიანმა.
დავით ასათიანი 2017-2025 წლებში, 8 წლის განმავლობაში, იკავებდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.
29 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მის მიმართ გახმიანებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს“ მოითხოვდა. მისივე თქმით, ამ საქმეში ასათიანი დაეხმარება.
ბერა ივანიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. „ქოლცენტრებს“ მფარველობს, რიგ ადამიანებს მისი მითითებებით აპატიმრებენ, შედის უკანონო გარიგებებში და ა.შ.