ახალი ამბები

„ტექნიკური საკითხია“ – კობახიძე დენდროლოგიური პარკის ეკა ხვედელიძისთვის გადაფორმებაზე

27 ივნისი, 2023 • 1481
„ტექნიკური საკითხია“ – კობახიძე დენდროლოგიური პარკის ეკა ხვედელიძისთვის გადაფორმებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტექნიკურ საკითხს“ უწოდებს ბერა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის გადაფორმებას დედისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის.

როგორც კობახიძე ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის შვილზე იქნება გადაფორმებული თუ ცოლზე, რადგან პარკი საზოგაოდებისთვის ღიაა. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს „ტექნიკური საკითხი“ სპეკულაციებისთვის გამოიყენონ.

„დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა.

მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე… როდესაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებაზეა საუბარი და იქ ხალხი გამოდიოდა, ვისაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ერთი აგური არ დაუდია, ასეთი ადამიანები გამოდიან და რაღაცებს საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის ამ მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ. სირცხვილია მათი მხრიდან ასეთი რაღაცების ლაპარაკი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის 2020 წელს გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს დახვდება მსოფლიოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა.

დენდროლოგიურ პარკს შპს ურეკი რეზიდენსი ფლობს. აღნიშნული შპს 2016 წელს დაარსდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი იყო. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შპს ურეკი რეზიდენსის 100%-იანი წილი შვილს, ბერა ივანიშვილს გადაუფორმა. ბერა ივანიშვილმა კი 6 ივნისს  შპს ურეკი რეზიდენსი დედას, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა.

თუმცა 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ დენდროლოგიური პარკი  სახელმწიფოს გადაეცემოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი