დაახლოებით ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, კოტე ანანიაშვილმა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა, თანამდებობა დატოვა.
იგი აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი გახარიამ დანიშნა, მას შემდეგ, რაც ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დანიშნა ანანიაშვილის შემცვლელი. მას ლერი ბარნაბაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც წარსულში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, ხოლო ახლად დაკავებულ პოსტზე გადაყვანამდე, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ფოტო გარეკანზე: კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის დროს
დაახლოებით ერთი თვის წინ, დაიწყო პროცესი, რასაც იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “ჩვეული როტაცია” უწოდეს, რის შედეგადაც პოლიციის სამხარეო დეპარტამენტებში შეიცვალა დირექტორები, მათ შორის, აჭარაშიც.
გარდა აჭარისა, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალა კახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში.
ამავდროულად, პრემიერმა გახარიამ ახალი გუბერნატორები დანიშნა მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, შიდა ქართლში და გურიაში, ხოლო კახეთსა და სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონებში რწმუნებულებად დაინიშნენ ის პირები, რომლებიც მანამდე ამ მოვალეობის შემსრულებლებლად მუშაობდნენ.
მაჟორიტართა დიდ ნაწილს ე.წ. ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
თებერვალში თვითთმართველობის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ის ფაქტი, რომ გუბერნატორებად ყოფილი “ძალოვნები” დაინიშნენ, მიანიშნებს მთავრობის მიერ რეგიონალური მმართველობის იდეის უგულებელყოფაზე, ხოლო პოლიტიკოსთა ნაწილი ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირებასა და ორ მხარეს შორის შესაძლო ძალთა გადანაწილებაზე მიანიშნებდნენ.
გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს, საკადრო ცვლილებების განხორციელებიდან მალევე, დატოვა. მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზი მმართველ გუნდში უთანხმოება გახლდათ, რაც ნიკა მელიას დაკავების აღსრულების საკითხს უკავშირდებოდა.