ახალი ამბები

“რ2-ის” სარეკლამო შემოსავლებმა 2020-ში 9.3 მილიონით დაიკლო — კომუნიკაციების კომისია

10 მარტი, 2021 • 1479
“რ2-ის” სარეკლამო შემოსავლებმა 2020-ში 9.3 მილიონით დაიკლო — კომუნიკაციების კომისია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო შემოსავლები 2020 წელს 9.3 მილიონი ლარით შემცირდა. ინფორმაციას ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

“რუსთავი 2-მა” 2020 წელს 12.8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2.1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. აღნიშნული ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლების დრამატულ ვარდნას წინ უძღოდა 2019 წლის ზაფხულში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, “რუსთავი 2” მთლიანად გადავიდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში, დირექტორად კი იურისტი პაატა სალია დაინიშნა. ტელეარხიდან თავდაპირევლად გაათავისუფლეს დირექტორი ნიკა გვარამია თავის მოაადგილებიანად, ასევე, რამდენიმე ცნობილი ტელესახე. ჟურნალისტების ნაწილმა კი მედიასაშუალება თავად დატოვა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს ასევე შემცირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები. საზმაუმ გასულ წელს 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წელთან შედარებით 344 ათასი ლარით ნაკლებია.

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75.2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, ჯამურად, 7.6 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით მეტია. თუმცა, მარეგულირებისვე ცნობით, სარეკლამო შემოსავლებმა მოიმატა მხოლოდ პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე, კომერციული რეკლამა კი პირიქით, 9%-ით არის შემცირებული.

საერთო ჯამში, მიღებული შემოსავლებიდან 13.9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდანაა. რაც შეეხება კომერციული რეკლამის შემცირებას, მარეგულირებელი აღნიშნულს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებსა და შედეგად, ბიზნესის აქტივობის შემცირებას უკავშირებას.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაცით, სარეკლამო შემოსავლებით ბაზარზე ლიდერია ტელეკომპანია “იმედი”, რომელმაც 2020 წელს 29 მილიონი ლარი მიიღო.

2020 წელს კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ტელეკომპანიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ტელეკომპანია “იმედმა” სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3.3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია;
  • ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” 12.8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,.1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო;
  • ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”, რომელიც “რუსთავი 2-ის” ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამი დააფუძნა, 11.1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4.3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია;
  • “ტელეკომპანია პირველმა” 6.2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1.9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა;
  • “ჯი-დი-ეს თი-ვიმ” 2.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0.5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია;
  • რაც შეეხება ტელეკომპანია “ფორმულას”, მან 2.3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა;
  • ტელეკომპანია “პოსტვ-მ”, ჯამში, 1.6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0.3 მილიონი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა;
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია;
  • “სილქნეტის” მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1.4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია;
  • “სეტანტა ჯორჯიამ” 0.76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია.

სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა. კომისიის ცნობით, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე სურათი შეიცვალა და ამჟამად რეკლამის 79% ოთხ კომპანიაზე მოდის.

პროცენტულად, სარეკლამო შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • ტელეკომპანია “იმედი” — 39%;
  • “რუსთავი 2” — 17%;
  • “მთავარი არხი” — 15%;
  • “ტელეკომპანია პირველი” — 8%;
  •  GDS — 4%;
  • “ფორმულა” — 3%;
  • “პოსტვ” — 2%.
  • სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2020 წელს მათი სარეკლამო შემოსავლები 6.8 მილიონ ლარამდე იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლებას კომუნიკაციების კომისია დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი