საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, თამარ ტალიაშვილი, ტელეკომპანია „იმედზე“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება:
„ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით – ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა.
და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია… ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს…“, — წერს დეპუტატი ფეისბუკზე.
გუშინ, 9 მარტს, „იმედზე“ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ არ ისაუბრებს ჩანაწერების ავთენტურობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღესაც იგივეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:
“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.
ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ