ახალი ამბები

ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახლში აკითხავდა მათ, ვინც ბერას ინტერნეტით “ემუქრებოდა”

9 მარტი, 2021 • 3335
ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახლში აკითხავდა მათ, ვინც ბერას ინტერნეტით “ემუქრებოდა”

სახელმწიფო დაცვის სპეცილური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ივანიშვილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, იმ პირებს სახლში აკითხავდა, ვინც ბერა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ და სალანძღავ კომენტარებს ავრცელებდნენ.

ამის შესახებ ჩუბინიძემ “იმედის” ეთერში “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერები 2010-2011 წლების საუბრებს ასახავს, რომელიც უკანონოდ არის  მოპოვებული და უკანონოდ შეინახეს, შემდეგ მოდელირება გაუკეთეს და უკანონოდ გაავრცელეს.

როგორც ჩუბინიძე ამბობს, ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ანზორ ჩუბინიძემ “ზემოქმედება”  მოახდინა.

“ეს იყო 2010 წლის ბოლო 2011 წლის დასაწყისი, ეს არის პერიოდი, როცა ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართულებით გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და მეც ჩავერთე, გავაკეთე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა მან ახალგაზრდებთან.

იგივე მშობელი შემდეგ დაგვეხმარა და გაგვიყვანა ჩვენ კონტაქტზე თავის შვილის მეგობრებთან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში, როდესაც მშობელთან ერთად მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ ამ დროს. ჩემი თხოვნით სალაპარაკო პროცესში ჩაერთვნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მომეპოვებინა მისი ნდობა. ამან გაამართლა ძალიან, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ჩემ მიერ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე ის კონტაქტში. განეწყო ჩემ მიმართ ნდობით. მე დავუსვი ჩემთვის სასურველი ყველა კითხვა და მივიღე ამაზე პასუხი. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ გავრცელებულ მუქარას მომავლში არ ექნებოდა რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტიურად ამით დავამთავრეთ საუბარი. საუბრის დამთავრება კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო. მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ფაქტიურად ეს ცუდად მოქმედებდა მასზე. მე ვურჩიე კიდევაც, რომ იქნებ რაიმე ტიპის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულიყვნენ, ეს იყო და ეს”, — განაცხადა ჩუბინიძემ.

როგორც ჩუბინიძე ამბობს, აღნიშნულ შეხვედრებში ირაკლი ღარიბაშვილს მონაწილეობა არასდროს მიუღია.

“2010-2011 წელს განხორციელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც იყო დამძიმებული უხვად ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეომასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლიდან 2016-2017 წლისთვის. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს. რეალობაში რა ხდება? — ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ 2010-2011 წელს, როდესაც ის “ქართუს” თავმჯდომარე იყო, ჩემ მიერ ხსენებულ მსგავსი ტიპის შეხვედრებში არასდროს არ მიუღია მონაწილეობა. ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია განაცხადოს, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება, რაიმე ტიპის ქმედება აქვს განხორციელებული. ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის და რაზეა ლაპარაკი? რაც გინდათ, ის დაარქვით, გნებავთ, ჭორაობა ვუწოდოთ და ესაა დანაშაული? მე ვფიქრობ, დანაშაულია მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება”, — განაცხადა ჩუბინიძემ.


ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

ჩანაწერების გავრცელებიდან მეოთხე დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი