ახალი ამბები

პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო

9 მარტი, 2021 • 802
პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს შეიცავს, გამოძიება ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების მუხლით დაიწყო:

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ უწყებაში.

6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, ტელეარხის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების თანახმად, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.

“მიმდინარეობს გამოძიება” – არც ეს იქნება?

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.