ახალი ამბები

“მოქალაქეები” “ტვ პირველზე” გასულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

9 მარტი, 2021 • 681
“მოქალაქეები” “ტვ პირველზე” გასულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ტვ პირველზე” 6 მარტს გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

საუბარია ტელეკომპანიის ეთერში 6 თებერვალს გასულ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილსა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს შეიცავს.

ელისაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების გარშემო ორი მნიშვნელოვანი შეკითხვაა: არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და იკავებდნენ თუ არა ჩანაწერებში მონაწილე ადამიანები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.”შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლებო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის”.

“ჩვენ, “მოქალაქეების” წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, მივმართავთ “ქართულ ოცნებას” და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ჩვენ სულ ორი მანდატი გვაქვს პარლამენტში”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხებიან ჩანაწერების მონაწილე ადამიანები და ისინი, ვინც ამბობს, რომ მათზე ზეწოლას ახდენდნენ:

“პარლამენტს აქვს რეალურად ბერკეტი, დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობს ამ ჩანაწერებში, დაიბაროს მათ შორის ის ჟურნალისტები, ის ადამიანები, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა და მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინოთ, როდის მოხდა, როგორ მოხდა, რა მოხდა და ეს ყველაფერი შესაძლებელია გაკეთდეს აქ, პარლამენტში”, – ამბობს იოსელიანი.

დღეს, 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს, თუმცა, მხოლოდ მათი მოპოვება-გავრცელების საკითხთან დაკავშირებით.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი