ახალი ამბები

“დაავალეს ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან” – ვოლსკი

8 მარტი, 2021 • 1704
“დაავალეს ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან” – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ , “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, ჩანაწერების გაკეთებისას ბერა ივანიშვილი “პატარა”, 15-16 წლის, იყო და არასრულწლოვნის მოსმენა დანაშაულია. როგორც ვოლსკი ამბობს, “პატარა ბერა” კონკრეტულ პირებს სპეციალურად აგინებინეს, რომ ის წყობიდან გამოეყვანათ.

“ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს, მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან. არავის არაფერი ამითი არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას მას შემდეგ, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაცა მოიგონონ და არიონ სიტუაცია”, — განაცხადა ვოლსკიმ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ჩანაწერებში, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. “ტვ პირველის” ცნობით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილების დაცვის წევრებს რომ “მოესინჯათ” და “მოეკვლიათ”, იყო თუ არა ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული გინება და მუქარა საფრთხის შემცველი, ამით არავის არაფერი დაუშავდებოდა.

“ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვინმე მანქანაში და უთხრა, რომ მოდით რა, არ შეაგინოთ. ასეც რომ იყოს, ვთქვათ, და უთხრას ვიღაცამ დაცვის წევრმა და მოსინჯოს, ნახოს, არის თუ არა საფრთხის შემცველი იმ ადამიანის გინება და მუქარა, ვინც ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, და ისიც დანაშაულია, რომ არასრულწლოვანს ვიღაცამ მოუსმინა. ეს რომ მოიკვლიოს და არავის არაფერი ამითი არ დაუშავდეს, განსხვავებით იმისგან, როგორ ხოცეს ახალგაზრდები ქუჩაში. დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე. ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს-თქო”, — განაცხადა ვოლსკიმ.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

“ქართული ოცნების” განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში. მმართველი პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი