ახალი ამბები | ,

“ბევრი ქალი დაუცველია ძალადობისგან, რაც დაუშვებელია” — 8 მარტთან დაკავშირებით EU კამპანიას იწყებს

8 მარტი, 2021 | | 266
“ბევრი ქალი დაუცველია ძალადობისგან, რაც დაუშვებელია” — 8 მარტთან დაკავშირებით EU კამპანიას იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას “ძლიერი ქალები — ძლიერი საქართველო”.

კამპანია სოციალური მედიის არხების საშუალებით ჩატარდება და მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანია ხაზს გაუსვამს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და ასევე, წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კამპანია საზოგადოებას გააცნობს ლიდერ ქალებს, წარმოგვიდგენს, თუ როგორ უმკლავდებიან ქალები COVID-19-ით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, ასევე, ხაზს გაუსვამს იმ სირთულეებს, რომლებიც კვლავაც აქტუალურია.

“უკვე ორწელიწად-ნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე, სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების თუ მოხუცების მოვლისას”, — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ელჩი ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალები საშუალოდ გამოიმუშავებენ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია. საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია — ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში”, – აცხადებს კარლ ჰარცელი და დასძენს, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმომადგენლობის საინფორმაციო კამპანიის გზავნილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი