ახალი ამბები

“როზადან სიმონამდე” – რას ნახავენ ფემინისტური ფილმების ჩვენების სტუმრები

6 მარტი, 2021 • 757
“როზადან სიმონამდე” – რას ნახავენ ფემინისტური ფილმების ჩვენების სტუმრები

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”(WISG) წელს კვლავ გამართავს მოკლემეტრაჟიანი ფემინისტური ფილმების ჩვენებას “როზადან სიმონამდე”. ორგანიზატორთა თქმით, წლევანდელი ფესტივალი სიყვარულისა და გარემოს დასაცავად ბრძოლის ფემინისტურ გააზრებას შეეხება.

“ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობის და თავისუფლებისთვის ბრძოლა რადიკალურად ფემინისტური უნდა იყოს და განსხვავებული ჩაგვრები დაფაროს.

ამიტომ ამ წლის პროგრამა ორ უხილავ ჩაგვრას – ემოციურ ძალადობას და გარემოს განადგურებას – ქალების პერსპექტივიდან გვაჩვენებს”, — აღნიშნავენ ისინი.

ღონისძიება 6 მარტს, “კავკასიურ სახლში” გაიმართება. ფილმების ჩვენებები 15:00 საათიდან დაიწყება და სტუმრები რამდენიმე ნამუშევარს ნახავენ:

15:00-16:15 – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სიყვარულის სახელით”

“მოკლემეტრაჟიანი ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელსაც შეყვარებული ემოციურად აკონტროლებს. პერსონაჟი ცდილობს სიყვარულის და დამოუკიდებლობის სურვილი ერთმანეთს მოარგოს. ამ პროცესში კი, სიყვარულის სახელით გამართლებულ ძალადობას ამხელს”.

16:30-17:00 – მოკლემეტრაჟიანი, ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი “მიწა-წყალი”.

“პროექტი “მიწა-წყალი” აერთიანებს ორ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მიწასა და წყალზე, რიონის ხეობასა და მის მაგიურ ეკოსისტემაზე.

ფილმის მთავარი გმირი, მაკა სულაძე, სოფელ მექვენას ერთადერთი მოსახლეა, რომელმაც საკუთარი მიწა არ მიჰყიდა რიონის ხეობაში უკანონოდ მშენებარე ნამახვან-ჰესის პროექტს და დღემდე იბრძვის მის წინააღმდეგ.

ფილმი გვიყვება მიწა-წყალზე – სამყაროზე, სადაც მაკა ცხოვრობს და რომელიც არ ეთმობა”.

ორგანიზატორთა თქმით, ჩვენება პანდემიათან დაკავშირებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, კავკასიური სახლის შეხვედრების დარბაზსა და ეზოში გაიმართება.

ღონისძიება პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემა “ქალთა ინიციატივების მხარმდამჭერი ჯგუფის” ფეისბუქ გვერდზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი