ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, თბილისში მცხოვრებმა ტრანსმა ქალმა მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფომ დაუკმაყოფილა მოთხოვნა თავისი გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ. დაბადების მოწმობაში “მამრობითი” “მდედრობითით” შეიცვალა. ასეთივე სურათი იქნება პირადობის ახალ მოწმობაშიც.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს. თუმცა, როგორც თავად განმცხადებელი, ისე უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის: ერთ მხრივ, არ არსებობს კანონმდებლობა ამ კუთხით, მეორე მხრივ კი, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის აუცილებელ წინაპირობად სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს კვლავ შესაბამის ქირურგიულ ოპერაციას უყენებს.
“სიხარულისგან ისტერიული სიცილი ამიტყდა”
ტრანსმა ქალმა ლ.მ-მ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სახელი 1 წლის წინ შეიცვალა. როგორც ამბობს, ეს უპრობლემოდ, წინაპირობების გარეშე შეძლო.
“ჩემთვის თავიდან ყველაზე მთავარი სახელის შეცვლა იყო. ადამიანს რომ წარუდგენ პირადობის მოწმობას, ბანკი იქნება ეს თუ რაიმე ოფიციალური უწყება, სადაც მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, პირველად თვალში ხვდებათ მაინც სახელი.
…ვიზუალურად გოგო ვარ, ამ დროს მეწერა ბიჭის სახელი. ცოტა უხერხული იყო და პრობლემებიც მექმნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე სახელის შეცვლა. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხი იყო”, — უყვება ის “ნეტგაზეთს”.
ამის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფოსგან თავის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაც მოითხოვა. თუმცა ეს უკანასკნელი სახელის შეცვლასავით მარტივი არ არის:
სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ეუბნება, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში მათი სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ქირურგიულ ოპერაციას ჩაიტარებენ.
ლ.მ-ს ეს ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა, შესაბამისად, მის მიმართ უარის წინაპირობა არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, 4-თვიანი ლოდინის პერიოდში მაინც ჰქონდა განცდა, რომ დაბრკოლებებს შეუქმნიდნენ. თუმცა, 25 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან დადებითი პასუხი მიიღო.
“ორშაბათს უკვე მივედი ფოსტაში და წამოვიღე გადაწყვეტილება. როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილებასთან ერთად მზად იყო დაბადების მოწმობაც, უკვე შეცვლილი გენდერული მარკერით.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ფოსტიდან რომ გამოვედი, ისტერიული სიცილი ამიტყდა. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა. კი, მჯეროდა, რომ დამიკმაყოფილებდნენ, თუმცა მაინც მქონდა რაღაც ეჭვები, რადგან საქართველოა და ტრანს ადამიანებს ყველა სფეროში ექმნებათ პრობლემები”, — დასძენს ის.
რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?
ქეთი ბახტაძე, რომელიც ლ.მ-ს წარმომადგენელი იყო იუსტიციის სამინისტროში, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში” იურისტად საქმიანობს.
ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაბამისი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გენდერის სამართლებრივი აღიარება აქამდეც იყო შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ ჰიპოთეტურად, ვინაიდან კანონმდებლობა აღნიშნულ პრაქტიკას არ არეგულირებს.
“ტრანს ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ თუ ოპერაციებს ჩაიტარებთ, მოხდება თქვენი გენდერის სამართლებრივად აღიარება.
თუმცა, იმის გამო, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შეუძლებელი იყო, თუნდაც ამ შემთხვევაში იმედი გვქონოდა იმისა, რომ სახელმწიფო ამას გააკეთებდა. ეს პრეცედენტი ამ შედეგის დადგომის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია”, — ეუბნება იურისტი “ნეტგაზეთს”.
პრობლემები ადგილზე რჩება
ტრანსი ქალი ლ.მ. ხსენებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა მას არაერთ პრობლემას მოუგვარებს: მაგალითად, დამსაქმებლებთან ურთიერთობისას აღარ მოუწევს ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ ტრანსგენდერი ქალია.
მეორე მხრივ, არ ტოვებს უკმაყოფილების განცდა, ვინაიდან ფიქრობს, რომ სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციას აუცილებელ წინაპირობად არ უნდა უყენებდეს.
“ეს ძალიან ინდივიდუალურია. რატომღაც, საზოგადოება ყველა ტრანსგენდერ ადამიანს სთხოვს, რომ ბოლომდე შეიცვალონ, რათა აღიარონ ისინი ქალად ან კაცად. ეს ყველას არ უნდა.
მაგალითად, მე მინდოდა… ჩემი მიზანი იყო ეს და მსურდა, ბოლომდე მომეყვანა ჩემი თავი ჰარმონიაში, გამეკეთებინა ყველა ოპერაცია, მათ შორის, სქესის ქირურგიული ოპერაცია — ყველაზე უკიდურესი და რადიკალური ჩარევა.
[თუმცა] ძალიან ბევრ ტრანს ქალსა და ტრანს კაცს არ სურს ამ ოპერაციის ჩატარება. ეს არის რისკის შემცველი, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ვერ ვიტყვით, რომ ამ კუთხით დიდი გამოცდილება არსებობს. შესაბამისად, ადამიანი არ უნდა აიძულო, რომ ჩაიტაროს ასეთი ოპერაცია”, — დასძენს ლ.მ.
ამ პოზიციას ქეთი ბახტაძეც იზიარებს. მას, როგორც ლ.მ-ს, არაერთგვაროვანი განცდა ეუფლება სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ: გახარებულია, თუმცა, ისევ გულდაწყვეტილი:
“ერთი მხრივ, გვიხარია, რომ ამ ადამიანებს მაინც აქვთ გენდერის სამართლებრივი აღიარების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ არსებობს.
მეორე მხრივ, გული გვწყდება იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა არ არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული. ის არ ხედავს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომელთაც ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ, ფული არ აქვთ ან ეს არ უნდათ”.
ტრანსგენდერი ადამიანების საქმეები სტრასბურგში
სტრასბურგის სასამართლო, ჯამში, საქართველოდან 3 ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს განიხილავს, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი უთხრეს.
ერთ-ერთი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2017 წლის 10 ნოემბერს გაიგზავნა. სარჩელის ავტორი ტრანსგენდერი კაცია. მის შემთხვევაში, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე უარი რეესტრმა დაასაბუთა იმით, რომ აპლიკანტს არ წარმოუდგენია ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლის თანახმადაც ნამდვილად ჰქონდა “სქესი შეცვლილი”.
სააგენტოს გადაწყვეტილება აპლიკანტმა სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, სადაც მისი საჩივარი დაუშვებლად ცნეს.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნიდან რამდენიმე თვეში აპლიკანტმა საქართველო დატოვა და ბელგიას თავშესაფარი სთხოვა. მან ლტოლვილის სტატუსი 2019 წელს მიიღო. ის, რის გამოც თავის ქვეყანაში ჯერ ყველა ინსტანციის გავლა, შემდგომ კი ევროსასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდა, სულ ადვილად მიიღო ბელგიაში: თავშესაფრის მიღებიდან მარტამდე სულ 3-ჯერ იყო მისული ქალაქის მერიაში, რათა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლიდან რამდენიმე თვეში პირადობის ახალი მოწმობაც აიღო.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”, რომელიც აწარმოებს ზემოთ ხსენებული აპლიკანტის საქმეს, ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ შეცვლილი გენდერის მარკერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დააჩქარებს.