ახალი ამბები

დაიწყო რომის პაპის ისტორიული ვიზიტი ერაყში

5 მარტი, 2021 • 1372
დაიწყო რომის პაპის ისტორიული ვიზიტი ერაყში

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყს ეწვია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერი ამ ქვეყანას სტუმრობს. COVID-19-თან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ფრანცისკე აღნიშნავს, რომ ის “ვალდებულია”, სრულყოს აღნიშნული ვიზიტი.

BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პაპი შეეცდება “გაამხნევოს შევიწროებული ქრისტიანი საზოგადოება” და ხელი შეუწყოს რელიგიათაშორის დიალოგს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, ერთი მხრივ, პაპ ფრანცისკეს, მეორე მხრივ კი — ერაყის გავლენიან შიიტ სასულიერო პირსა და პოლიტიკოსებს შორის.

მედიის თანახმად, პაპის ვიზიტის უსაფრთხოებას 10 000 ერაყელი სამხედრო უზრუნველყოფს. ამასთან, გამკაცრებულია გადაადგილების შეზღუდვა, ვინაიდან არაერთი შიშობს, რომ ვიზიტი, თავისი მასშტაბებით, შეიცავს რისკებს კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

პაპი ფრანცისკე ვიზიტამდე აღნიშნავდა, რომ ერაყში მიემგზავრებოდა “როგორც მომლოცველი, რათა უფლისგან ითხოვოს შენდობა და შერიგება მრავალწლიანი ომისა და ტერორიზმის შემდეგ”.

მოქალაქეები რომის პაპის მოლოდინში. ბაღდადი, ერაყი 05.03.21 ფოტო: VATICAN MEDIA HANDOUT

BBC იუწყება, რომ პაპი ფრანცისკე დღესვე შეხვდება სასულიერო პირებს ერაყის დედაქალაქში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც 52 ადამიანი, მათ შორის, ქრისტიანი მომლოცველები და პოლიციელები ემსხვერპლნენ 11 წლის წინ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილ თავდასხმას.

განრიგის მიხედვით, ამის შემდეგ რომის პაპი შაბათს ეწვევა შიიტი მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს, ნაჯაფს, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შიიტ სასულიერო პირთან, 90 წლის აიათოლა ალი ალ-სისთანისთან.

შემდგომ ის ინტერრელიგიურ შეხვედრას დაესწრება ანტიკური ქალაქის, ურის ტეროტირიაზე, რომელიც, ტრადიციულად, მოციქულ აბრაამის დაბადების ადგილად მიიჩნევა. კვირას პაპი “ისლამური სახელმწიფოსგან” მეტად დაზარალებულ მოსულში ჩავა და ტერორიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად ილოცებს.

ვიზიტის ფარგლებში, პაპი ჩავა ქალაქ კარაკუშშიც, სადაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მას შემდეგ დაიწყო დაბრუნება, რაც ტერიტორია “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლდა. ოფიციალურ ვიზიტს დაასრულებს რომის პაპის ვიზიტი ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ირბილში, სადაც მას ათასობით ადამიანი დახვდება.

ბოლო 20 წლის მანძილზე ერაყის ქრისტიანი მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიონიდან 250 ათასამდე შემცირდა. არაერთი გაექცა 2003 წელს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო კამპანიის შემდგომ განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს, სხვებმა კი ერაყი ტერორისტული ორგანიზაციის, “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებისა და დევნის შემდეგ დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი