ახალი ამბები

“დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დავაკავებთ” — გომელაური ესებუაზე

5 მარტი, 2021 • 678
“დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დავაკავებთ” — გომელაური ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ არ იცის, როდის დააკავებენ ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას.

მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლები მაქსიმალურად  მუშაობენ, რომ ესებუა დააკავონ.

“მისი დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, 3 კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი, 12 წელი იყო ძებნაში, მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. ანუ მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები და დავაკავეთ. არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, იმ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ.

ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ… არ ვიძახით ამას და არასდროს არ მითქვამს, რომ ესებუას ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი, როდის დავაკავებთ. ვმუშაობთ მაქსიმალურად და ოპერატიულად რა დონეზე ვართ. მე მგონი, სწორი არ იქნება, რომ ბატონ ესებუას მივაწოდო, ახლოს ვარ თუ შორს ვართ”, — განაცხადა გომელაურმა.


ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.  არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი