ახალი ამბები

პენტაგონი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში

5 მარტი, 2021 • 593
პენტაგონი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი “გამოკვეთილად მხარდამჭერი იყო” და მზაობა გამოხატა მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-თან მაღალი დონის შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ოფიციალურად შეხვდება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, გამოხატა თავდაცვის დეპარტამენტის მზაობა, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის პირისპირ მყოფ საქართველოს დაეხმაროს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

“ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და სიმტკიცე, რომელიც საერთო ინტერესებსა და ფასეულობებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისთვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ გამოხატა მადლიერება აშშ-ის დახმარებისთვის საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციაში და რეფორმებში, ასევე, ხაზი გაუსვა რუსულ საფრთხეს”, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საკუთარ “ტვიტერზეც” გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

“პროდუქტიული საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ერთგულია უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცებისა”, – წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი