ახალი ამბები

გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა

4 მარტი, 2021 • 4740
გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა. ამ საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის 140-ე მუხლი სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველის სხეულში. პირი კი თებერვალში დააკავეს.

ამ თემაზე ნეტგაზეთს წყარო უყვება, რომ სოფელში მომხდარის შესახებ იციან, დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობას კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, მოზარდმა ბავშვი დაახლოებით გასული წლის ზაფხულის პერიოდისთვის გააჩინა.

ნეტგაზეთს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გოგო და მისი ახლად დაბადებული შვილი სახელმწიფო ზრუნვის სერვისშია შეყვანილი.

„სააგენტო შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩაერთო აღნიშნულ საქმეში. მცირეწლოვანი და მისი ახლად დაბადებული შვილი შეყვანილია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში. მათ შორის საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა საჭირო ღონისძიება გატარებულია იმ წუთიდანვე, როცა მომართვა შემოვიდა პოლიციიდან. გამოძიება მიმდინარეობს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი