ახალი ამბები

RSF-მა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივლა

3 მარტი, 2021 • 626
RSF-მა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივლა

ჟურნალისტების უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამად ბინ სალმანს, გერმანიის სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელეები სამეფოს ედავებიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას. მათ შორისაა საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობა.

რას ეხება სარჩელი

მედიის თანახმად, 500-გვერდიანი სარჩელით ორგანიზაციამ გერმანიის გენერალურ პროკურატურას მიმართა, უწყებამ კი, თავის მხრივ, დოკუმენტი ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. RSF საუბრობს ჟურნალისტების “ფართო და სისტემატურ” დევნაზე საუდის არაბეთში, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა უკანონო დაკავებებზე, მკვლელობაზე, წამებასა და სექსუალურ ძალადობაზე.

საჩივარს წინ უძღოდა აშშ-ის სადაზვერვო უწყების ანგარიშის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც, ხაშოკჯის მკვლელობა უშუალოდ მემკვიდრე პრინცის, ბინ სალმანის თანხმობით დაიგეგმა. ქვეყანამ აღნიშნული ბრალდებები უარყო, ანგარიში კი “დაუსაბუთებლად” შეაფასა.

სალმანთან ერთად, ორგანიზაციამ ასევე უჩივლა მემკვიდრე პრინცის მრჩეველს, საუდის არაბეთის გენერალურ კონსულს ხაშოკჯის მკვლელობის პერიოდში და დაზვერვის ოფიცერს, რომელსაც ჟურნალისტის წამებას ედავებიან.

ორგანიზაციას საჩივრის შესატანად გერმანიის სასამართლო შემთხვევით არ აურჩევია: ქვეყნის კანონმდებლობა სასამართლოს იმ საერთაშორისო დანაშაულებზეც ანიჭეbს იურისდიქციას, რომლებთანაც გერმანია რაიმე ფორმით დაკავშირებული არ არის. RSF იმედოვნებს, რომ სარჩელი იქნება წინაპირობა გამოძიებისა, რომელიც დაადგენს, ჩაიდინეს თუ არა საუდელმა მაღალჩინოსნებმა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

როგორ მოკლეს ჯამალ ხაშოკჯი

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2018 წლის 2 ოქტომბერს. ის ადგილზე ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად იყო მისული.

გამოძიების ინფორმაციით, შენობაში შესვლის შემდეგ ჟურნალისტი გააკავეს და სხეულში ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზა შეუყვანეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ამავე ცნობებით, მკვლელობის შემდეგ ხაშოკჯის ცხედარი დაანაწევრეს.

მედიის ინფორმაციით, საბედისწერო ვიზიტამდე ხაშოკჯისა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ძმას, ხალიდ ბინ სალმანს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც მან ჟურნალისტს საკონსულოში ვიზიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტიები მისცა.

თავად ხალიდ ბინ სალმანი ამ ცნობას უარყოფს.

ჟურნალისტი ხაშოკჯი საუდის არაბეთის პრინცის თანხმობით მოკლეს – აშშ-ის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი