ახალი ამბები

ჟურნალისტი ხაშოკჯი საუდის არაბეთის პრინცის თანხმობით მოკლეს – აშშ-ის დაზვერვა

27 თებერვალი, 2021 • 1526
ჟურნალისტი ხაშოკჯი საუდის არაბეთის პრინცის თანხმობით მოკლეს – აშშ-ის დაზვერვა

2018 წელს საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცისა და ფაქტობრივი მმართველის, მუჰამად ბინ სალმანის თანხმობით დაიგეგმა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სადაზვერვო უწყების ანგარიშში, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

საუდელი ჟურნალისტი ხაშოკჯი ერთ დროს სამეფოს მთავრობის მრჩეველი იყო, თუმცა 2017 წელს აშშ-ში გადავიდა და ამის შემდეგ, ხშირად აკრიტიკებდა პრინცის პოლიტიკას. ის   2018 წლის ოქტომბერში, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტისას მოკლეს.

საუდის არაბეთის პრინცი ყოველთვის უარყოფდა მკვლელობაში მონაწილეობას. სამეფოში აშშ-ის დაზვერვის ხსენებული ანგარიშიც გააკრიტიკეს, უწოდეს მას “ნეგატიური, ცრუ და მიუღებელი”.

რას ამბობს დაზვერვა?

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფიქრობენ, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი დაეთანხმა ოპერაციას ჯამალ ხაშოკჯის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ის ან უნდა დაეკავებინათ, ან – მოეკლათ.

BBC-ის ინფორმაციით, უწყება ასახელებს სამ მიზეზს, რომელიც პროცესში პრინცის ამ სახით ჩართულობას ადასტურებს. ესენია:

  • მისი კონტროლი სამეფოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე 2017 წლიდან;
  • ხაშოკჯის წინააღმდეგ ოპერაციაში პრინცის ერთ-ერთი მრჩევლის პირდაპირი ჩართულობა, ბინ სალმანის პირადი უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად;
  • პრინცის “მხარდაჭერა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისადმი საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტების გასაჩუმებლად”.

ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ხაშოკჯის მკვლელობაში პრინც სალმანს ადანაშაულებდა, ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა. თუმცა, აშშ-ის ხელისუფლებას პრინცი მკვლელობაში საჯაროდ აქამდე არასდროს დაუდანაშაულებია.

2019 წელს საუდის არაბეთის სასამართლომ ხაშოკჯის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 პირს 20-წლიანიპატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აგნეს კალამარდმა უნდოლობა გამოუცხადა სამეფოს სასამართლოს და თქვა, რომ ხაშოკჯის მკვლელობაში საუდის არაბეთია დამნაშავე.

გამოხმაურებები

ანგარიშის გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გამოაცხადა ახალი სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც “მიჩნეულნი არიან სერიოზული… კონტრდისიდენტური აქტივობების პირდაპირ მონაწილეებად”.

ბლინკენის თქმით, აშშ-ში არ არის იმ ადამიანთა ადგილი, რომლებიც დისიდენტებს უცხო ქვეყნის მთავრობათა სახელით იღებენ მიზანში. ამასთან, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პრინცთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის, მის თანაშემწეებს. თავად მუჰამად ბინ სალმანი სანქციების ობიექტთა სიაში არც ახლა მოხვდა.

Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებული იმ შეთანხმებების გაუქმებას, რომლებიც შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ინფორმაცია სააგენტოს ოთხმა წყარომ დაუდასტურა.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს გამოეხმაურნენ საუდის არაბეთშიც და მასში გახმიანებული ბრალდებები უარყვეს. სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ხაშოკჯის საქმე უკვე სათანადოდ არის გამოძიებული. უწყების თქმით, ანგარიშში მოცემული დასკვნები დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელია.

როგორ მოკლეს ჯამალ ხაშოკჯი

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს. ის ადგილზე ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად იყო მისული.

გამოძიების ინფორმაციით, შენობაში შესვლის შემდეგ ჟურნალისტი გააკავეს და სხეულში ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზა შეუყვანეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ამავე ცნობებით, მკვლელობის შემდეგ ხაშოკჯის ცხედარი დაანაწევრეს.

მედიის ინფორმაციით, საბედისწერო ვიზიტამდე ხაშოკჯისა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის ძმას, ხალიდ ბინ სალმანს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც მან ჟურნალისტს საკონსულოში ვიზიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტიები მისცა.

თავად ხალიდ ბინ სალმანი ამ ცნობას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი