ახალი ამბები

ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

22 დეკემბერი, 2022 • 614
ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

ალ-იამამის სასახლეში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საუდის არაბეთის სამეფოდან საქართველოში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია მისთვის ხელსაყრელ დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი