საზოგადოება

შესაძლებელია თუ არა ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოება

9 ოქტომბერი, 2023 • 1623
შესაძლებელია თუ არა ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოება

გასულ კვირას პალესტინურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, “ჰამასმა”, უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა წამოიწყო ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან გადასულმა შეიარაღებულებმა, სარაკეტო ცეცხლის ფონზე, ასეულობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დახოცეს, მრავალი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.

ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს გადასცდა, ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი კი 600-ს უახლოვდება. ორშაბათს ისრაელმა “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე ტოვებს ღარიბი, მჭიდროდ დასახლებული ექსკლავის 2.3 მილიონ მცხოვრებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა “მძიმე ფასში”, რომელსაც, მისი თქმით, მოწინააღმდეგე გადაიხდის — ისრაელის გაცხადებული მტრის, ირანის მიერ მხარდაჭერილი მოწინააღმდეგე.

თუმცა, ესკალაციის ფონზე, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს, ისმის კითხვები, რამდენად დიდია პროცესში სხვა აქტორების ჩართვის შანსი, ისევე როგორც, მისი გადაქცევის შესაძლებლობა უფრო ფართომასშტაბიან, რეგიონულ კონფლიქტად.

როგორ მონაწილეობს პროცესში ირანი

მრავალი წელია, ირანის ისლამური რესპუბლიკა რეგიონში მოქმედ, ისრაელის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მხარს უჭერს. მათ შორისაა “ჰამასი”, რომელიც დიდწილად ისრაელის ტერიტორიით გარშემორტყმულ ღაზის სექტორს აკონტროლებს, და “ჰეზბოლა” — ისრაელის მოსაზღვრე სახელმწიფოში, ლიბანში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს როგორც პოლიტიკურ პარტიას, ისე მძლავრ შეიარაღებულ ფრთას.

ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ მტკიცებულება, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმის მომზადებასა თუ მის განხორციელებაში ირანის ჩართულობას დაადასტურებდა, თუმცა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქვე დასძენს:

“ჰამასი ჰამასი არ იქნებოდა, რომ არა მხარდაჭერა, რომელსაც მრავალი წელია, ირანისგან იღებს”.

8 ოქტომბერს,ამერიკულმა The Wall Street Journal-მა “ჰამასისა” და “ჰეზბოლას” მაღალი დონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” (IRGC) ოფიცრები აგვისტოდან მუშაობდნენ “ჰამასთან” ერთად, რათა მოემზადებინათ ისრაელზე თავდასხმა წყლიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან.

“ჰამასის” წევრები ღაზის სექტორში. ფოტო: EPA 

ხსენებულმა წყაროებმა გამოცემას ასევე უთხრეს, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა, რომელთაც უსაფრთხოების საკითხები აბარიათ, 7 ოქტომბრის თავდასხმას “მწვანე შუქი აუნთეს” გასულ ორშაბათს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე.

თავად თეირანი უარყოფს “ჰამასის” შეტევაში მონაწილეობას.

გაეროში ირანის მისია დასძენს, რომ ისლამური რესპუბლიკა ურყევად უჭერს მხარს პალესტინას, თუმცა ის ჩართული არ ყოფილა “პალესტინის პასუხში” “არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის დანაშაულთა მიმართ”.

ირანთან მჭიდრო კავშირს “ჰამასი” არც აქამდე მალავდა. 2012 წელს მათ შორის ურთიერთობები გაუარესდა, რადგან “ჰამასმა” უარი თქვა, მხარი დაეჭირა სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვის, რომელიც ირანის ახლო პარტნიორია.

თუმცა 2017 წელს ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, იაჰია სინვარმა, თეირანთან “ჰამასის” ურთიერთობები “ბრწყინვალედ” შეაფასა და ისლამური რესპუბლიკა დაჯგუფების “უმთავრეს მხარდამჭერად” მოიხსენია როგორც ფინანსური, ისე — სამხედრო თვალსაზრისით.

“ჰამასის” მსგავსად, ირანი ასევე უჭერს მხარს “ისლამურ ჯიჰადს” — ღაზაში მოქმედ კიდევ ერთ ისლამისტურ დაჯგუფებას, რომელიც, პირველის მსგავსად, არ ცნობს ისრაელის უფლებას, იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

კონფლიქტის გაფართოების პერსპექტივა

ლიბანში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, “ჰეზბოლამ”, დაადასტურა, რომ ის იდგა სარაკეტო თავდასხმის უკან, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, სადავო ტერიტორიაზე განხორციელდა.

“ჰეზბოლას” რაკეტები “ჰამასის” მიერ შეტევის დაწყებიდან მეორე დღეს, 8 ოქტომბერს გაეშვა. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაშიმ საფი ალ-დინმა განაცხადა, რომ დაჯგუფების “თოფები და რაკეტები” პალესტინელი შეიარაღებულების გვერდით დგანან.

კიდევ ერთი ინციდენტის შემდეგ, ორშაბათს, “ჰეზბოლამ” თქვა, რომ ისრაელის დარტყმებს მისი სამი წევრი ემსხვერპლა. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკლა “რამდენიმე შეიარაღებული ეჭვმიტანილი”, რომლებმაც ლიბანიდან გადმოკვეთეს საზღვარი.

როგორც France 24 წერს, ექსპერტები შიშობენ, რომ სასაზღვრო შეტაკებების ფონზე, შესაძლოა, “ჰეზბოლამ” მეორე ფრონტი გახსნას ისრაელის ჩრდილოეთში, საიდანაც მას ლიბანი ესაზღვრება.

“ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის ერთი ომი უკვე იყო. ის 2006 წელს მოხდა და 34 დღეს გაგრძელდა. ლიბანში 1 200 ადამიანი დაიღუპა (ძირითადად, სამოქალაქო პირები), ხოლო ისრაელში — 160 (ძირითადად, სამხედროები).

“ჰეზბოლა” 1982 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ისრაელის ლიბანში შეჭრის ფონზე დაფუძნდა. იმ დროს ირანში ახალი დამყარებული იყო ისლამური რესპუბლიკა, რომელიც, “ჰეზბოლას” მსგავსად, ისლამის შიიტურ მიმართულებას ემყარება და მოსისხლე მტრად განიხილავს ისრაელს.

სულ მალე ირანი დაჯგუფების მოკავშირე გახდა სამხედრო და ფინანსური კუთხით.

“ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა

დაარსებიდან 41-ე წელს,”ჰეზბოლა” დიდწილად გლობალურად არის იზოლირებული — ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სპარსეთის ყურის ქვეყნების და “არაბული ქვეყნების ლიგის” მიერ.

მიუხედავად ამისა, ის წარმოადგენს მძლავრ სამხედრო და პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც ანგარიშგასაწევი მოთამაშეა არა მხოლოდ ლიბანში, არამედ — რეგიონში. ოპონენტები მას მოიხსენიებენ როგორც “სახელმწიფოს სახელმწიფოში”, რომელსაც ეყო რესურსი, აქტიური როლი ეთამაშა იემენის, ერაყისა თუ სირიის კონფლიქტებში.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, რა სახის “მძიმე ფასს” გადაიხდიან ისრაელის მოწინააღმდეგეები, ზოგიერთ ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსხვილმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა გამოსარიცხი არ არის.

“თუ ისრაელი სახმელეთო ჯარებს გაგზავნის ღაზაში ან რაიმე ასეთ მკვეთრს გააკეთებს… მაშინ “ჰეზბოლამ”, შესაძლოა, გახსნას ფრონტი ლიბანში და დაიცვას თავისი გადაწყვეტილება იმით, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა და პალესტინა უნდა დაიცვას”, — ეუბნება France 24-ს ჰუსეინ იბიში, ვაშინგტონში მოქმედი “არაბული ყურის ქვეყნების ინსტიტუტის უფროსი რეზიდენტი.

არაბული ქვეყნები; შეფერხებული დათბობა საუდის არაბეთთან

“ჰამასის” შეტევა დაიწყო იმ პერიოდში, როცა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შუამავლობით.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები მხარეებს დღითიდღე აახლოებდა დიპლომატიური ნორმალიზებისკენ. ამავეს აცხადებდა ბენიამინ ნეთანიაჰუ.

თუმცა,ისრაელსა და პალესტინელებს შორის ამ მასშტაბის ესკალაცია ახლო მომავალში მსგავსი შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას მეტად ბუნდოვანს ხდის.

შაბათს საუდის არაბეთის საგარეო უწყებამ ხაზი გაუსვა თავის მხარდაჭერას პალესტინელებისადმი და  გაფრთხილება გაახმიანა “ფეთქებადსაშიშ სიტუაციასთან” დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია პალესტინელთა უფლებების დარღვევითა და “განგრძობადი ოკუპაციით” ათწლეულების მანძილზე.

მუჰამად ბინ სალმანი. ფოტო: EPA 

პალესტინელთა უფლებების რეგულარული დარღვევის საკითხი “ჰამასის” გასამხედროებული ფრთის ლიდერმაც ახსენა, როგორც ოპერაციის ერთ-ერთი წინაპირობა. საუდის არაბეთისა და ისრაელის მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილი მას ღიად არ დაუსახელებია, როგორც ზემოაღნიშნულის ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა ნათელია, რომ ეს მოცემულობა მისი მოკავშირე ირანის ინტერესებში შედის.

სუნიტური საუდის არაბეთი შიიტური ირანის უმსხვილესი კონკურენტია რეგიონში. ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ თეირანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა მისი მოწინააღმდეგის — ისრაელისა და საუდის არაბეთის — ურთიერთობათა დათბობის ხილვა.

ისრაელთან ურთიერთობები უკვე ნორმალიზებული აქვს 22 არაბული ქვეყნიდან ექვსს: ეგვიპტემ და იორდანიამ ეს გასულ საუკუნეში გააკეთეს, 2020 წელს კი, აშშ-ის შუამავლობით, ანალოგიური ნაბიჯი გადადგეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა.

ამ ფონზე,ზოგიერთი ანალიტიკოსი მიანიშნებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა 1973 წლის ომის სცენარის გამეორების შანსი, როცა რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ გააერთიანა ძალები ისრაელის წინააღმდეგ. თუმცა ზოგიერთი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტმა, შესაძლოა, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბოს.

არგებს თუ არა კონფლიქტი რუსეთს?

ვაშინგტონში მოქმედი “ომის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის” დაკვირვებით, რუსეთი უკვე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ისრაელზე “ჰამასის” შეტევას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესამცირებლად.

ორგანიზაციის თქმით, კრემლი უკვე ცდილობს, დასავლეთი დაადანაშაულოს იმაში, რომ ის, უკრაინისადმი მხარდაჭერის ფონზე, გულგრილობას იჩენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პალესტინა-ისრაელის საკითხია ის, რისი მოგვარებითაც აშშ და მისი მოკავშირეები უნდა იყვნენ დაკავებულნი, თუმცა, ამის ნაცვლად, “ისინი ნეონაცისტებს უწევენ სრულმასშტაბიან დახმარებას”.

ამასთან, რუსმა პროპაგანდისტმა, სერგეი მარდანმა, პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი იხეირებს ხსენებული კონფლიქტიდან, ვინაიდან მსოფლიო ”ცოტა ხნით გადაიტანს ყურადღებას უკრაინიდან და კიდევ ერთხელ დაკავდება ახლო აღმოსავლეთში მარადიული ცეცხლის ჩაქრობით”.

“კრემლის ეს ნარატივები მიზანში იღებს დასავლურ აუდიტორიას, რათა ბზარი გაჩნდეს უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში. ის მიზნად ისახავს უკრაინის საზოგადოების დემორალიზებას იმის მტკიცებით, რომ უკრაინა დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, ასევე, რუსეთის აუდიტორიის დარწმუნებას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას არ მიაქცევს უკრაინაში ომს”, — დასძენს ინსტიტუტი.

ამავე თემაზე გირჩევთ არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი