ახალი ამბები

“კარტოგრაფების საქმეზე” გიორგი მანჯგალაძის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

3 მარტი, 2021 • 1044
“კარტოგრაფების საქმეზე” გიორგი მანჯგალაძის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

“კარტოგრაფების საქმეზე” საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომიიის ყოფილი თამჯდომარის, გიორგი მანჯგალაძის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პროკურატურაში დაუდასტურეს.

გიორგი მანჯგალაძის ადვოკატმა, ზაზა სუხიშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა:

“ჩხრეკა ჩატარდა და ინფორმაციის მატარებელი რაც არის ხოლმე ძირითადად – მეხსიერების ბარათი და კომპიუტერი- ამოიღეს. სამსახურიდან არაფერი წაუღიათ, იქ გამოძიებისთვის საინტერესოს არაფერს ინახავს”, – განმარტა სუხიშვილმა.

მისი თქმით, მანჯგალაძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ და ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციაც არ მიუწოდებიათ. ამასთან, სუხიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც გამოძიების ფარგლებში შეცვლის მანჯგალაძის როგორც მოწმის, სტატუსს.

გიორგი მანჯგალაძე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

“კარტოგრაფების საქმის” არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მარტიდან დაიწყო.

პარალელურად პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს სხვა პირების შესაძლო ბრალეულობის დასადგენად, რადგან მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებენ.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გასულ წელს დააკავეს.

ილიჩოვა და მელაშვილი 2021 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 000- ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა პატიმრობიდან.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი