ახალი ამბები

ვთვლით, რომ ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ – იოსელიანი

2 მარტი, 2021 • 691
ვთვლით, რომ ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ – იოსელიანი

“ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენას, რომელიც “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, ლევან იოსელიანი ისტორიულს უწოდებს. მისივე აზრით, “მოქალაქეებმა” ამ მემორანდუმის გაფორმებით შეასრულეს ის ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები ბევრად უფრო სანდო გახდება, რადგან ცვლილებები ითვალისწინებს უბნების ნაწილის სავალდებულო გადათვლას, ელექტრონული დათვლის სისტემის შემოტანას და ა.შ.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, პრაქტიკულად, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები- თვითმმართველობის, იქნება ეს თუ ვადემდელი ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები- არჩევნების დღე ბევრად უფრო გამჭვირვალე, ბევრად უფრო გასაგები და უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ითვალისწინებს ყველაზე მთავარს: ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას პირველ ეტაპზე უბნების ნაწილზე, შემდეგ კი მთელ საქართველოში, რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ყბადაღებული კარუსელების თემა საბოლოოდ დასრულდება.

ასევე მნიშვნელოვანია 10% სავალდებულო გადათვლის ნაწილიც. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულოდ მთელსსაქართველოში დაახლოებით 365 უბანი სავალდებულო წესით გადაითვლება, რაც პრინციპში უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ სადმე რაღაც გაყალბებაზე იფიქროს, რადგან ამ მასშტაბის გადათვალა ამ პროცესს დააზღვევს. თან, ეს გადათვალა მოხდება არა 1-2 თვის მერე, არამედ არჩევნების ჩატარებიდან მაქსიმუმ 6 დღის ვიდაში. ეს და სხვა ცვლილებები, რაც ამ კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ჩემი აზრით, ნამდვილად არის რევოლუციური”, — აცხადებს იოსელიანი.

დღეს, 2 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი