ახალი ამბები

“ამ კრიტიკას არ ვიღებ” – ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძეს პასუხობს

1 მარტი, 2021 • 2708
“ამ კრიტიკას არ ვიღებ” – ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძეს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არ იზიარებს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას ვაქცინებზე წვდომის მოპოვების საკითხში მინისტრების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

“ამ კრიტიკას არ ვიღებ. ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი. ჩვენ ვმუშაობთ, [საკოორდინაციო] საბჭოს ფორმატში ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს  და იმ საკითხსაც, მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს გლობალური პანდემიის დროს  თუ რომელიმე [სხვა] ქვეყანაში კარავაში ელოდებოდეს, ვაქცინას მისცემენ თუ არა, ამას ჩვენ თვითონ როგორმე ერთობლივად გადავწყვეტთ მთავრობაში”, – განაცხადა ტიკარაძემ რ2-ის ეთერში.

ნიკოლოზ გამყრელიძემ Bm.ge-ისთან განაცხადა, რომ მისი აზრით, საკმარისი არ არის ვაქცინებზე წვდომის საკითხში მხოლოდ ელჩების აქტიურობა და საჭიროა მთავრობის წევრების მეტი ძალისხმევაც.

“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ, ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა… ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე, სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს… მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე – დიდ ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არამარტო საელჩოებმა, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მსგავსი გზით გადაწყდეს ეს საკითხი”, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე Bm.ge-ისთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი