ახალი ამბები

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

28 თებერვალი, 2021 • 1219
ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ისინი ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის ხეობიდან გაყვანას ითხოვენ.

“გაგვიწიოს ხელისუფლებამ ანგარიში იმ ადამიანებს, ვინც აქ ვდგავართ, ათასობით ადამიანს და უკან წაიღოს ის თავისი დადგენილება, რომელიც არის უკანონო, არასწორი, ანტისახელმწიფოებრივი და აღიაროს მან თავისი დანაშაული — ეს არის ჩვენი მოთხოვნა. აღიარონ შეცდომა, დაგვიბრუნონ ხეობა და ეს თურქული კომპანია გაუშვან აქედან”, — განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, თუ ჰესის მშენებელი კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი აქციას ორ კვირაში ისევ გამართავენ და ქალაქის პიკეტირებას მოახდენენ.

აქციის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ, აქტივისტთა ნაწილი ადგილობრივებთან ერთად ნამახვანში გადაინაცვლებენ და კარვებში მათთან ერთად ღამეს გაათევენ.

აქტივისტების თქმით, თავდაპირველად შეკრება უშუალოდ ხეობაში უნდა გაემართათ, თუმცა გარემოებათა გამო, აქციის ადგილი შეცვალეს.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, აქციაზე ადამიანების დიდ რაოდენობას ელიან, ხალხმრავალი შეკრებისთვის კი პროტესტის ძველი ლოკაცია მოსახერხებელი არ არის. მისივე თქმით, აქციაზე ელოდნენ “პროვოკაციებსაც”, ქუთაისში კი ორგანიზებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას უკეთ შეძლებენ.

რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში

მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს ეწინააღმდეგება და 3 თვეზე მეტია, ხეობაში აქციებს მართავს.

ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით, „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ არსებული დოკუმენტებით, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვს არც მოსამზადებელი და არც მიწის სამუშაოების ჩატარების უფლება. საპირისპიროს ამტკიცებს კომპანია.

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება? – ამ კითხვით და  შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით „ნეტგაზეთმა“ 10 თებერვალს მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 14 დღეა სააგენტოს წაერმომადგენელი გვეუბნება, რომ „წერილი უკვე მზადაა და ელოდებიან ხელმძღვანელი პირის მიერ დადასტურებას“.

27 თებერვლის მონაცემებით, „ნეტგაზეთს“ არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.