ახალი ამბები

პარლამენტის ბლოკირება არ იქნება, თუმცა “ოცნების” დეპუტატებს დისკომფორტს შევუქმნით – უდუმაშვილი

27 თებერვალი, 2021 • 633
პარლამენტის ბლოკირება არ იქნება, თუმცა “ოცნების” დეპუტატებს დისკომფორტს შევუქმნით – უდუმაშვილი

2 მარტს ოპოზიციის აქცია პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაიმართება, თუმცა შენობის ბლოკირება არ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მომდევნო აქციებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

“სამშაბათიდან დაიწყება პერმანენტულიაქციები სხვადასხვა უწყებებთან. პირველ რიგში, პარლამენტის შენობასთან გვექნება აქცია.

ეს არ იქნება შენობის ბლოკირება, მაგრამ ეს იქნება აქცია, სადაც დისკომფორტს შევუქმნით ქართული ოცნების დეპუტატებს. ზედმეტ დეტალებში არ შევალ, დანარჩენი უკვე აქციის დღეს”, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

მარტში დაგეგმილი აქციების გეგმა ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ 26 თებერვალს, პარლამენტის წინ გამართულ დემონსტრაციაზე წარმოადგინა. აქციაზე ითქვა, რომ იგეგმება პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის “პიკეტი”, მომდევნო შეკრებები კი შსს-სთან და სასამართლოსთან გაიმართება. ყოველივე ამის შემდეგ, 13 მარტს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აპირებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებას.

26 თებერვლის პროტესტს წინ უძღოდა სპეცოპერაცია ენმ-ის ოფისში და მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი