ოპოზიციის ლიდერები 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებენ.
დღეს, 26 თებერვალს გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტს მოაწყობს, პიკეტი იგეგმება ასევე 5 მარტს კანცელარიასთან.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის გეგმა გამოიყურება ასე:
„დღევანდელი პროსტესის შემდეგ ჩვენ 2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამაინებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, მისი ვერც ერთი მსახური კომფორტულად ვერ დაჯდეს.
5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.
9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შსს-თან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური და არა – ბიძინა ივანიშვილის.
11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან – სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძისა და უსამართლობის მთავარ სიმბოლოდ.
13 მარტს ამ აქციებს, ასე ვთქთვათ, ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრი, და, რა თქმა უნდა, ეს იქნება, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის,“.
აქციების და პიკეტების პარალელურად, ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტთან მუდმივად იქნება კარვებიც.
„გეგმა არის შემდეგი, აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან. სხვადასხვა პირების კარვები, სადაც მუდმივად იქნება პროტესტის ცენტრი, ხოლო ვისაც გვინდა, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ იმ მთავარ სიმბოლოს დღეს უსამართლობის, გადავინაცვლოთ მთავრობის კანცელარიასთან და იქაც გავმართოთ პროტესტი და გავაგონოთ ჩვენი ხმა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თბილისის საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაიმართა, რომელიც 23 თებერვალს ენმ-ის ოფისზე შტურმით დააკავეს.
მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები და მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და პატიმრობიდან გათავისუფლრბას ითხოვდნენ, რამდენადაც მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
