ახალი ამბები

სასამართლომ “მედიააკადემიას“ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაავალა

26 თებერვალი, 2021 • 947
სასამართლომ “მედიააკადემიას“ IDFI-სთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მედიააკადემიას” “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის” [IDFI] ერთი წლის წინ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა. ამის შესახებ განცხადებას IDFI ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გასულ წელს IDFI-მ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის, “მედიააკადემიის” თანამშრომლების საშტატო ნუსხა და მასში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

IDFI განმარტავს, რომ “მედიააკადემიამ”, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააფუძნა, IDFI-ის ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მედიააკადემიამ” ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს:

“2020 წლის 24 იანვარს IDFI-მ “მედიააკადემიიდან” სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა. თუმცა “მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და მასზე არ ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები”, — წერია განცხადებაში.

IDFI განმარტავს, რომ “მედიააკადემია” კანონის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დაფუძნდა და ადმინისტრაციული ორგანოს, კომისიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“IDFI მიიჩნევს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს კანონით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს”, — წერია განცხადებაში.

“მედიააკადემიის” მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა IDFI-მ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრა, რადგან სწორედ ის არის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ზედამხედველი, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” ანგარიშვალდებულია.

IDFI-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “მედიააკადემიის” წესდების თანახმად, კომისია მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, ადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმას და ამტკიცებს მის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას, ასევე, კომისიის თავმჯდომარეს “მედიააკადემიის” აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება აქვს, კომისიამ მაინც უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე. ამის მოტივად კი დაასახელა, რომ ის არ წარმოადგენს “მედიააკადემიის” ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

“2020 წლის 7 აპრილს IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით”, — აცხადებს IDFI.

IDFI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 25 თებერვალს ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს [“მედიააკადემია”] დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის IDFI-სთვის მიწოდება.

“სასამართლო დავის აღნიშნული გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას”, — წერს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი