ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ ჩემს ბრძანებას ხელს არ აწერს, ანუ ოპოზიციაშია? – ფაშინიანი პრეზიდენტზე

25 თებერვალი, 2021 • 672
თუ ჩემს ბრძანებას ხელს არ აწერს, ანუ ოპოზიციაშია? – ფაშინიანი პრეზიდენტზე

ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც გენშტაბის დაუმორჩილებლობის ფონზე დემონსტრაციას მართავს, მხარდამჭერებისადმი მიმართვისას პრეზიდენტ არმენ სარქისიანის შესახებ განაცხადა:

„მე ვთქვი, რომ მან უნდა მოაწეროს ხელი გადაწყვეტილების ონიკ გასპარიანის [გენშტაბის უფროსის] გათავისუფლების შესახებ. თუ მან ამას ხელი არ მოაწერა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას უერთდება?” – იკითხა პრემიერმა.

ფაშინიანის სიტყვის თარგმანს ონლაინ-გამოცემა OC Media ავრცელებს, რომელიც აქტიურად აშუქებს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს.

ნიკოლ ფაშინიანმა 25 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

თუმცა, როგორც სომხური მედია იუწყება, — და როგორც ფაშინიანმაც დაადასტურა, — ამ დრომდე ქვეყნის პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია ბრძანებისათვის.

ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატურიანი,

როგორც სომხური მედია იუწყება, ხაჩატურიანმა „სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ“.

[ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

საუბარია ფაშინიანის ინტერვიუზე 1in.am-თან, სადაც მან რუსულ სარეკეტო კომპლექსებს, Искандер-ს გამოუსადეგარი უწოდა.

ხაჩატურიანის გადაყენების შემდეგ, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა:

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“.


სომხეთში ოპოზიცია ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

17 თებერვალს ფაშინიანის მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების დაკვეთა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი