ახალი ამბები

“სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია” — ოპოზიციური პარტიები

25 თებერვალი, 2021 • 574
“სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია” — ოპოზიციური პარტიები

ოპოზიციის წევრები ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მომხდარი ფაქტი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდის შედეგია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა “ოპოზიციური ხმის ჩახშობის” პროცესის გაგრძელებაა.

„ყველანაირი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და არ იყო შემთხვევითობა. იმიტომ, რომ როდესაც ცნობილ ჟურნალისტს,  ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით,  ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მედიის წინააღმდეგ, მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს ივანიშვილი, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე”, — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ვახო სანაიაზე თავდასხმა “ქართული ოცნების” სიძულვილის შემცველი პროპაგანდის შედეგია.

“დავალებით იყო ეს გაკეთებული ამ ჯგუფის მიერ თუ არა, ეს არის პირდაპირი შედეგი ამ პოლიტიკის, ზოგადად, მთელი ამ წლების განმავლობაში და კერძოდ, ბოლო პერიოდში ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის, ლიდერების და მისი გარემოცვის”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა, ვახო სანაიაზე თავდამსხმელები სამაგალითოდ დაისაჯონ.

“ცნობად პიროვნებებზე, პოპულარულ ჟურნალისტებზე თავდასხმა მსოფლიო პრაქტიკით არ ხდება შემთხვევით და მოტივაციის გარეშე. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს განხორციელებული თავდასხმა, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, და დამნაშავე პირებმა უნდა აგონ პასუხი სამაგალითოდ, რათა ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ჩვენი ჟურნალისტური კორპუსი იყოს უსაფრთხო და დაცული”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება დაპირისპირების ენას უნდა მოეშვას.

“ეს არის იმ სიძულვილის ენის გამოვლინება და გაგრძელება, რასაც აღვივებს ხელისუფლება და ძალიან ცუდია, რაც მოხდა ჟურნალისტთან დაკავშირებით. ეს სიძულვილი, პოლარიზება, საზოგადოებაზეც გადამდებია და იწვევს რადიკალიზებას და დაპირისპირებას”, — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით, დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დაესხა. მისი თქმით, მას დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ — სანაია თავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი