ახალი ამბები

“ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა” — გაბუნია ვაქცინების შემოტანის გადავადებაზე

24 თებერვალი, 2021 • 1502
“ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა” — გაბუნია ვაქცინების შემოტანის გადავადებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ შემოვიდა ქვეყანაში ამ დრომდე “ფაიზერის” ვაქცინა, რომლის 29 250 დოზა ქვეყანას თებერვლის ბოლომდე უნდა მიეღო.

გაბუნიას თქმით, კომპანიამ საქართველოს და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით უნდა შესულიყო, დამატებითი მოთხოვნები წაუყენა და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს იქნება ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინის აღნიშნულ ოდენობას.

გაბუნია ვარაუდობს, რომ პრეპარატი ქვეყანაში მარტის პირველ ორ კვირაში ჩამოვა:

“ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები ფაიზერის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია კოვაქსის, ფაიზერის და საქართველოს მხარეებს შორის, სადაც ყველა ეს დეტალი დაზუსტდება და ზუსტად გვეცოდინება, როდის მივიღებთ დაპირებულ 29 250 დოზას, რაც კოვაქსის პლატფორმის მეშვეობით უნდა მიიღოს საქართველომ 2021 წლის პირველ კვარტალში.

ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა ფაიზერის მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო მთლიანად, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და, იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით ფაიზერისგან” ,— ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს “ასტრაზენეკასთან”, თუმცა ზუსტი ოდენობა, თუ რამდენ დოზას შეიძენს საქართველო, ზუსტდება:

“რაც შეეხება ასტრაზენეკას, გვაქვს კომუნიკაცია როგორც “კოვაქსის” პლატფორმის საშუალებით, ასევე, უშუალოდ ასტრაზენეკასთან. როგორც მოგეხსენებათ, who-მ ავტორიზაცია მიანიჭა ასტრაზენეკას ორ ვაქცინას, ინდური და კორეული წარმოების. ჩვენი რეგიონისთვის მოსალოდნელია, რომ გვქონდეს წვდომა ორივე ამ ვაქცინაზე. ამდენად, მიმდინარე დღეებში ზუსტდება, ასტრაზენეკას ვაქცინის რა რაოდენობას მივიღებთ კოვაქსის პლატფორმის მეშვეობით. სავარაუდოდ, წინასწარი მოლოდინი არის 315 ათას დოზამდე, მაგრამ ეს როცხვი ზუსტდება”, — ამბობს გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი