ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელს მიმართავენ

23 თებერვალი, 2021 • 1055
ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელს მიმართავენ

ექვსი ევროპარლამენტარი- პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი – ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ საქართველოში ვიზიტის წინ.

განცხადების ავტორების თქმით, მიშელის ვიზიტი დროულია და წერილის მიზანია გამოხატონ შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო.

ევროპარლამენტარების თქმით, 2020 წლის 16 სექტემბრის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა განემტკიცებინა საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებები. თუმცა, ნაცვლად ამისა, არჩეული დეპუტატების ერთი მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე.

განცხადებაში ევროპარლამენტარები საუბრობენ 23 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმით ნიკა მელაის დაკავებაზეც, რა დროსაც დახურულ სივრცეში პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა და აღნიშნავენ, რომ მელიას დაკავების შემდეგ დაძაბულობამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკიდურესად სახიფათო ზღვარს მიაღწია.

“ევროკავშირი გვერდს ვერ აუვლის არსებულ მდგომარეობას, როცა ძალის გამოყენება, რევანშიზმი დომინანტურ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. გარდა ამისა პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი რეფორმებიდან” ,- წერენ ევროპარლამენტარები.

ხელმომწერები შარლ მიშელს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, დიალოგის გასაახლებლად და უნდა დასრულდეს მემორანდუმით, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნისკენ:

“იმედი გვაქვს, ამ მესიჯს მიაწვდით ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის უდრეკ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისთვის. ჩვენი უფლებამოსილებების ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც აქამდეც დაუღალავად ახორციელებს ევროპის კავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები” ,- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი