Interviewsახალი ამბები

თუ ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდებით – კაკაჩია

23 თებერვალი, 2021 • 1856
თუ ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდებით – კაკაჩია

„თუ [მთავრობის არსებული, კონფრონტაციული] რიტორიკა და მიდგომები არ შეიცვლება, ქვეყანა ყველა ვარიანტში აღმოჩნდება იზოლაციაში“, – აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მასთან მოკლე ინტერვიუს.

  • ბატონო კორნელი, დასავლეთიდან ვხედავთ მწვავე რეაქციას ნიკა მელიას დაკავების გამო. საით შეიძლება პროცესი წავიდეს, საგარეო ურთიერთობებზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს განვითარებულ მოვლენებს?

აქ სცენარი რამდენიმე ხაზით შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ცუდი იქნება, თუკი ხელისუფლება არანაირი რეაგირებას არ მოახდენს ამ განცხადებებზე და გააგრძელებს ხისტ პოლიტიკასა და რიტორიკას, რასაც ახლა მიმართავს.

ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, — რამაც გაიჟღერა რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ, — რომ თანდათანობით ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს და, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი დაიწყოს ევროკავშირთან სხვადასხვა ხელშეკრულების, მათ შორის ასოცირების, უვიზო რეჟიმის, გადახედვაზე.

ცხადია, ჯერ პირდაპირ არ იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ სიგნალები შეიძლება წამოვიდეს, თუკი ეს განსაკუთრებით ხისტი პოლიტიკა არ შეიცვლება…

მთლიანობაში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება უკვე კარგა ხანია, ამ ხაფანგშია გაბმული და აქიდან გამოსავალი, მით უმეტეს, ამ ახალი პრემიერის [ირაკლი ღარიბაშვილის] არჩევის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, არ ჩანს.

ერთადერთი, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ წაიკითხავენ ამ განწყობებს თბილისში. თუმცა ჯერჯერობით არც ამ კუთხით გვესმის, სიმართლე გითხრათ, რაიმე დამაიმედებელი.

  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ელოდნენ პარტნიორების მწვავე რეაქციებს — და, როგორც ჩანს, ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და ნიკა მელია დააკავეს. ეს რამდენად მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებებზე?

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, გაიმარჯვა „ჰარდლაინერების“, ანუ ხისტი პოზიციის მქონე ლიდერების ჯგუფმა. ეს ჯგუფია ის, რომელიც ახლა წინა ხაზზე ჩანს.

იმედია, რომ არსებობენ უფრო საღი აზროვნების ადამიანები „ქართულ ოცნებაში“, რომლებსაც ესმით ეს საერთაშორისო კონტექსტი. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე რთულია ამ ფრთისთვის საკუთარი პოზიციების წარდგენა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ახლა იწყება ეს კრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ ახლა არ არის კონკრეტულად ნიკა მელიაზე საუბარი, საუბარია ქვეყნის განვითარების მოდელზე, რასაც საფრთხე ემუქრება. ყველა განცხადება, რაც ვნახეთ, აღნიშნავს, რომ ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებაში ძალიან სერიოზული შეკითხვები არსებობს პარტნიორების მხრიდან.

შესაძლოა, არსებობს „ქართულ ოცნებაში“ მეორე ფრთა, რომელიც ამ ყველაფერს სწორად გაიგებს. თუმცა არ ვიცით, რამდენად ძლიერი შეიძლება ის იყოს, — ვიცით, რომ სხვადასხვა დაჯგუფება არსებობს და ერთ-ერთის ლიდერი სწორედ გახარია იყო. ამ ფრთამ აშკარად წააგო. ამ ეტაპზე ასე ჩანს.

  • თუკი ეს ხისტი პოზიცია არ შენელდა, თუკი დასავლეთიდან ეს მესიჯები არ იქნა სწორად აღქმული, თუ ამ „ჰარდლაინერების“ ფრთამ იმძლავრა, მაგ შემთხვევაში რა იქნება ის ბენეფიტები, რაც შეიძლება საქართველომ დაკარგოს?

პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯი. ყველაზე დიდი ზარალი მიადგება ქვეყნის იმიჯს. აქამდე საქართველოს ფუფუნება ჰქონდა, ჰქონოდა წარმატებულის იმიჯი, — მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფლაგმანი იყო რეფორმების მხრივ. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაქრეს. ამას ემატება ის, რომ ჩვენი ბევრი პარტნიორი გადახედავს სხვადასხვა პროგრამას, დახმარება იქნება ეს თუ უვიზო რეჟიმი.

თუ ამ ნარატივზე წავედით, რომ არ გვაინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, — როგორც ბელარუსი და რუსეთის ხელისუფლება აკეთებენ, — „ჩვენ არ გვაინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და უნდა ვაშენოთ სუვერენული დემოკრატია“, — როგორც პუტინის რეჟიმი აცხადებს, — ეს გზა უკვე არასწორი მიმართულებისაა და ქვეყანა ყველა ვარიანტში აღმოჩნდება იზოლაციაში.

ამის საფრთხე არსებობს, თუ ეს რიტორიკა და მიდგომები არ შეიცვლება. ამ სიტუაციას სჭირდება განმუხტვა და ამის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის პოლიტიკური, რაც ჯერჯერობით გამოყენებული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ნებისმიერი კომპრომისი დამამცირებელია მისთვის. ეს ასე არ არის.

პრინციპში, მხოლოდ ხელისუფლებას არა, ორივე მხარეს მიაჩნია, რომ კომპრომისი სისუსტეს ნიშნავს. არადა პირიქით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება.

კონფრონტაცია თუ გაღრმავდება, ამან შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების სახე მიიღოს. მანდ კი უკვე ყველანი წაგებული ვიქნებით. ფაქტია. ეს გარედან უკეთ ჩანს ხოლმე, ვიდრე ქვეყნის შიგნიდან, — რადგან აქ სხვა ემოციური გავლენა გვაქვს ხოლმე. გარედან საღი თვალი ამას უკეთ ხედავს. და ასეთ ხედვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და ყველამ, რომ ქვეყნის იმიჯი ისე არ დაზიანდეს, რომ მისი აღდგენა ან შეუძლებელი არ აღმოჩნდეს, ან ათეული წლები დასჭირდეს.

ეს არის პოლიტიკური რევანშისა და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი — ლევან ცუცქირიძე

დასავლეთისგან იზოლაცია იქნება კატასტროფა – ზედანია მელიას დაკავების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი