Interviewsახალი ამბები

ეს არის პოლიტიკური რევანშისა და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი — ლევან ცუცქირიძე

23 თებერვალი, 2021 • 2359
ეს არის პოლიტიკური რევანშისა და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტი — ლევან ცუცქირიძე

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან ცუცქირიძესთან, EECMD-ის (აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის) აღმასრულებელ დირექტორთან:

  • ბატონო ლევან, დასავლეთიდან ვხედავთ მწვავე რეაქციას ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, — ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის, სხვა პარტნრიორების განცხადებები… საით მიდის ეს პროცესი, საგარეო ურთიერთობებზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს?

ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯის შემდეგ მოექცევა უფრო ძლიერი საერთაშორისო წნეხის ქვეშ. შეიძლება უფრო რადიკალურ ნაბიჯებზეც იყოს საუბარი, როგორიც არის გარკვეული ტიპის სანქციების დაწესებაც, იზოლაციაც…

  • ეს სანქციები შეიძლება კონკრეტული პიროვნებების მიმართ იყოს დაწესებული თუ სახელმწიფოს მიმართ? 

თუ ასეთი მოხდება, მაშინ უფრო პერსონალურ სანქციებზე იქნება ალბათ საუბარი, რადგან მთავრობის გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს. ბევრი მოდელი არსებობს იმისა, თუ როგორ გადაიდგას ეს ნაბიჯი ისე, რომ შეთანხმების მიღწევის და პრობლემის გადაწყვეტის გზაც არ ჩაიკეტოს, — იმიტომ, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ იმის სივრცე, მოახერხონ და უკან დასახევი, თვითგადარჩენის გზაც დარჩეთ ხოლმე. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა.

ფაქტი არის ერთი, რაც ჩემი აზრით უდავო იქნება: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ნაბიჯის შემდეგ დარწმუნდა, რომ ახალი მთავრობა არ მიდის დემოკრატიის გაღრმავების, კომპრომისის და პრობლემების გადაჭრის გზით.

  • რამდენად იტოვებს ახლა „ქართული ოცნება“ უკან დასაბრუნებელ გზას? იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ელოდნენ პარტნიორების მწვავე რეაქციებს — და ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და ნიკა მელია დააკავეს.

მმართველ პარტიას რაც შეეხება, მგონია, რომ მათ არ უფიქრიათ სათანადოდ ამ საკითხზე და, მეტიც, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მათთვის არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების რეაქცია. ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ყოველ შემთხვევაში. ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, მან, როგორც ჩანს, წააგო ეს დისკუსია და გადადგა, — გიორგი გახარიას ვგულისხმობ.

ამ ჯგუფს კი, ამ რადიკალურ ჯგუფს, სავარაუდოდ, ეიმედება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მათ პატრონაჟს ყოველთვის მოახერხებს და ამიტომაც საუბრობენ ახლა ასე თამამად. 

  • თუმცა პირად ინტერესებს მიღმა სახელმწიფო ინტერესების დაზიანების რისკიც არის, არა?

მე არ მგონია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესით არის ნაკარნახევი ეს ნაბიჯი. სახელმწიფოზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს რომ არ იყო სახელმწიფოს გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი, აშკარაა. აქ არის პირადი პოლიტიკური ინტერესი, — შიში, ჩემი აზრით, რადგან საკმაოდ შეშინებული ჩანს ეს პოლიტიკური გუნდი არსებული ვითარებით რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილებაა;
  2. პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი აღარ მონაწილეობს პარლამენტის მუშაობაში და კითხვებია ამ საკითხზეც;
  3. მესამე და მთავარი: ეკონომიკა მიექანება უფსკრულში, რადგან თავი ვერ მოაბეს ვითარების კონტროლს, გარდა უაღრესად მარტივი, ყველაფრის ჩაკეტვა-გახსნის მოდელის გამოყენებისა.

შესაბამისად, ყველასთვის ნათელია, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანა იქნება კიდევ უფრო სერიოზული კოლაფსის წინაშე. ამიტომ, ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ყველა პოტენციური რისკი გაანეიტრალონ იმისთვის, რომ ეს მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას არ დაემუქროს, თორემ სულაც არ მგონია, რომ ნიკა მელია წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის ან „ქართული ოცნებისთვის“ იმხელა საშიშროებას, რომ ის იმსახურებდა ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს.

აქ ვხედავ არა სახელმწიფო ინტერესს, არამედ კერძო პოლიტიკური რევანშის, გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტს. სახელმწიფო ინტერესები ამ ნაბიჯს არ მოითხოვდა.

  • ამ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა გამოცხადებული არჩევნების წინ, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანენ განაცხადს. დემოკრატიის უკან წაწევის და აშშ-ის საელჩოს და სხვა პარტნიორების მხრიდან დღევანდელ კონტექსტში ამის ხაზგასმის ფონზე, რამდენად რეალური პერსპექტივა ჩანს?

განაცხადის წარდგენას არ სჭირდება ევროკავშირის თანხმობა, — ჩვენ შეიძლება შევიტანოთ განაცხადი, მაგრამ ის, რომ ეს ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს, [ამის საფუძველი უნდა არსებობდეს]. 

დღეს რომ რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი მოძებნის საქართველოს, რას ნახავს? „მთავრობა შეუვარდა ოპოზიციურ პარტიას ოფისში და მისი ლიდერი დააპატიმრა“. ამას ნახავენ და, ცხადია, ასეთ სახელმწიფოს დემოკრატიული ქვეყნების ჯგუფში წევრად არ მიიღებენ.

არის თუ არა ეს ევროპული ტიპის მთავრობის ან პოლიტიკოსის საქციელი? არ არის. კანონის უზენაესობაზე აპელირება არის აბსოლუტურად უსაგნო და ფუყე. კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებების დაცვის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პოლიციის მიუკერძოებლობის გარეშე არის დიქტატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი